თეა წულუკიანი - ყველა პატიმარს, 10 ათას ადამიანს მივმართავ, იყავით მშვიდად, სიმშვიდის საფუძველი რომ არ იყოს, თქვენთან მოვიდოდი და ამაზე ვისაუბრებდი
ყველა პატიმარს, 10 ათას ადამიანს მივმართავ, იყავით მშვიდად, სიმშვიდის საფუძველი რომ არ იყოს, თქვენთან მოვიდოდი და ამაზე ვისაუბრებდი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან პენიტენციურ სისტემაში გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, მთავარი მიზანია, რომ პატიმრები იყვნენ დაცული. შესაბამისად, გარედან შეყვანილი პირების ოდენობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.
„ყველა პატიმარს, 10 ათას ადამიანს მივმართავ და ვეუბნები, რომ იყავით მშვიდად. რომ არ იყოს სიმშვიდის საფუძველი, მე ვიქნებოდი პირველი, ვინც თქვენთან მოვიდოდი, ამაზე ვისაუბრებდი და ვისარგებლებდი ეთერებით, რომ ამის შესახებ თქვენთვის მეთქვა. დღეს არის ყველა საფუძველი იმისთვის რომ ვიყოთ მშვიდად, მაგრამ მობილიზებულები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მობილიზება ნიშნავს იმას, რომ „ცოტა ხნით მშვიდად ავიტანოთ პაემნების გაუქმება“.
„მაგრამ ჩვენ ორშაბათიდან ჩავრთავთ ახალ შესაძლებლობას უფასო სატელეფონო წუთებისა, რაც თქვენთვის, პატიმრებისთვის, ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, დააკომპენსირებს პაემნების არარსებობას, რაც დროებითია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური უწყებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის თაობაზეც ისაუბრა მისი განცხადებით, არსებობს მედიკამენტების სრული მარაგი.
„რამდენიმე ხნის წინ, საათებს ვგულისხმობ, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 ათასი ლარის ღირებულების წამლები დარიგდა – მომარაგებაში წყვეტა არ არის და არავითარი საფუძველი იმისა, რომ შეწყდება წამლის მოწოდება არ არსებობს. ერთადერთი, რაც პატიმრებმა უნდა იცოდნენ, არის ის, რომ მე ძალიან მკაცრ პირობებს ვუდგენ პენიტენციურ სისტემაში მომუშავე თანამშრომლებს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება, არ არის ბედნიერი ამით, მაგრამ დღეს მთავარია პატიმარი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ზოგიერთი თანამშრომელი, რომელიც პარალელურად, სამოქალაქო კლინიკებში მუშაობდა, სადაც დაფიქსირებულია სხვადასხვა შემთხვევა, ციხეში დროებით ვეღარ შევა ან აღარ იმუშავებს ჩვენთან – ჩვენ ვერ დავუშვებთ სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელიც სამოქალაქო კლინიკაში მუშაობს, ციხეში ვირუსის იმპორტს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მთელ პენიტენციურ სისტემაში არ არსებობს არც ერთი საეჭვო შემთხვევა.
„მიმღებ ციხეებში გახსნილია პერიმეტრის გარეთ დროებითი შენობები, სადაც ახალ პატიმრებს ვამოწმებთ. ყველა ახალშემოსული პატიმარი თავსდება ცალკე, თუკი არ არის საეჭვო შემთხვევა პირველი სამი კვირის განმავლობაში ძველ პატიმრებში არ ირევა; თუკი არის საეჭვო, სიცხიანი პატიმარი ციხეში ვერ შედის და მიემართება პირდაპირ სამოქალაქო კლინიკაში“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის განმარტებით, პატიმრებთან კომუნიკაცია გაგრძელდება და გაძლიერდება ორშაბათიდან. თეა წულუკიანი მადლობას უხდის ადვოკატებს. მინისტრის თქმით, არავინ არ უკადრისობს პირბადეს და ხელთათმანებს. წულუკიანი ასევე მადლიერია პატიმრების ოჯახის წევრებისა, ვინც გაიგო და შეამცირა ციხეებში ამანათებისთვის მოსვლა.
„მაღაზია მუშაობს გამართულად, არავითარი წყვეტა ციხის მაღაზიებში არ არის, ასევე, ხარისხიანი კვება სამჯერადი, გაგრძელდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ასევე სპეციალური განცხადება გააკეთა პატიმარი ქალებისთვის, რომლებსაც გარეთ ჰყავთ შვილები.
„და ბოლოს, მინდა მივმართო დედებს, დედებს, რომლებიც არიან საპატიმროებში, მთავარია თქვენ იზრუნოთ ჩვენთან ერთად საკუთარ ჯანმრთელობაზე, საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე, თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნავს სახელმწიფო. მთავარი საზრუნავი არის ის, რომ გარეთ ვირუსი არ გავრცელდეს და ყველა ვიყოთ მკაცრი რეჟიმის პირობებში, რომ ერთმანეთს არ გადავდოთ რაიმე, რაც შემდეგ შეიძლება იყოს კორონავირუსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.