თეა წულუკიანი - ყურადღებით წავიკითხე რეზოლუცია და დამრჩა განცდა, რომ ამ ოხერ „ქართულ ოცნებას“ ათი წელი ვერავინ ვერაფერი მოუხერხა, ამიტომ რაღაც სხვა ხერხები უნდა გამოვიგონოთო
ჩემი მხრიდან შეიძლება, სპეკულაციად მოინათლოს, მაგრამ ვარაუდს გაგანდობთ, ამ ოხერ „ქართული ოცნებას“ ათი წლის განმავლობაში ვერავინ ვერაფერი მოუხერხა, ახლა რაღაც სხვა ხერხები უნდა გამოვიგონოთო, ხედავენ, შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ კანონში და პრაქტიკაში 12-ვე რეკომენდაცია შესრულდეს. ამიტომ, მოდი, ახლა გამოვუშვათ ასეთი ტექსტი, რომელიც შექმნის ნოყიერ ნიადაგს, თუ დაგვჭირდა, ვუთხრათ უარი კანდიდატის სტატუსზეო, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, საქართველომ ევროკავშირისგან სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კანდიდატის სტატუსი მისცეს უკრაინას და მოლდოვას, ხოლო საქართველოს უარი უთხრეს.
„ძალიან ყურადღებით წავიკითხე ეს დოკუმენტი დედანში და რაღაც ასეთი განცდა დამრჩა, რომ რაკი, „ქართული ოცნება“, ეს ოხერი „ქარტული ოცნება“, რომელსაც ვერავინ ვერაფერი მოუხერხა ათი წელი გავიდა, 25 ოქტომბერს შესრულდა ათი წელი, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს თავისი მთავრობა უწყვეტად, ვერაფერი მოუხერხეს. რაკი ვერაფერი მოუხერხეს, ახლა რაღაც სხვა ხერხები უნდა გამოვიგონოთ ალბათ, თან ვხედავთ, რომ ეს „ქართული ოცნებები“ სხედან პარლამენტში და თავი არ აუწევიათ, მუშაობენ, შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ტექნიკურად ანუ ქაღალდზე, კანონსა და პრაქტიკაში ეს 12 რეკომენდაცია ამათ შეასრულონ, ისე აიწყვიტეს, შეასრულებენ. მოდი, ახლა გამოვუშვათ რაღაც ტექსტი, რომელიც შექმნის ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მერე თუ დაგვჭირდა, ვთქვათ უარი. ეს ჩემი ვარაუდია, ვიღაცამ შეიძლება, თქვას, რომ სპეკულირებაა. ამას უფრო ჰგავს. ამას კიდევ უფრო იმიტომ ჰგავს, რომ ჩვენ მივიღეთ სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება, როდესაც მოლდოვას და უკრაინას უთხრეს, რომ არიან კარგი მოწაფეები და ხუთიანი დაუწერეს, საქართველოს კი, რომელიც მართლა კარგი მოწაფეა, უთხრეს, წადი, მოსაფიქრებელში დაჯექი და იმეცადინეო. ეს არის გაუგონარი უსამართლობა. გავა წლები და ევროპარლამენტარების სხვა თაობები აღიარებენ, რომ ეს იყო უსამართლობა. ღმერთმა არ ქნას, ამ ქვეყანაში მოხდეს უბედურება და რუსეთი ისევ შემოვიდეს, მერე რა გამოვა ამ რეზოლუციის შედეგი? ეს რეზოლუცია არის ცუდი ტექსტი, ეს არის ცუდი ტექსტი ყველასთვის, პირველ რიგში თვითონ ევროპარლამენტისთვის. ბევრი რაღაც გავაკეთეთ ჩვენ, მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შეთანხმება, მაგრამ არის ეროვნული ინტერესები, როდესაც საქმე ეხება სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებას, რაც არის უზენაესი“, – აცხადებს წულუკიანი.