თეა წულუკიანი - ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ და ალბათ არც არასდროს ექნებათ შემწყნარებლობა განსხვავებულ აზრთან მიმართებით, ამიტომ არ შეიძლება მათი დაბრუნება
დღეს ოპოზიციაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება იგივე – რაღაც როცა არ მოსწონთ, ყველაფერს და ყველას რუსულად ნათლავენ. მათ არ ჰქონდათ და ალბათ არც არასდროს ექნებათ შემწყნარებლობა განსხვავებულ აზრთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანს კითხვა დაუსვეს, „საზოგადოების ნაწილი როდესაც ხედავს ადამიანებს, რომლებიც დღეს კანონს აპროტესტებენ, მათ ახსენებენ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში გამართულ კონცერტებს. პარლამენტში უმრავლესობის წევრების მხრიდან ითქვა, რომ ეს ორმაგი სტანდარტია. თქვენ რას არქმევთ ამ ყველაფერს?“
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „შეუძლიათ, უსინდისოდ იმღერონ, იცეკვონ რუსეთში, ქართული საქმის მკეთებელს კი პრორუსი ეძახონ“.
„ვინც ვიყავით იმ ასაკში, რომ კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის მოვლენები, ასევე კარგად გვახსოვს, 2004 წლიდან 2012 წლამდე როგორ იმართებოდა საქართველო მაშინდელი ხელისუფლების მიერ, მაშინ ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი შეირაცხებოდა რუსულ აგენტობად და ამისთვის ადამიანებს აკავებდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ამის საჩვენებლად თუნდაც სერგო თეთრაძის მაგალითი კმარა. დღეს იგივე გრძელდება, ოღონდ უკვე ოპოზიციაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მათ რაღაც როცა არ მოსწონთ, რადგან მათ პირად ინტერესს არ შეესაბამება, ყველაფერს და ყველას რუსულად ნათლავენ. აქ არაფერი ახალი არ ხდება. შესაბამისად, არ მოსწონთ რაღაც, ესე იგი, რუსეთუმე ხარ. მათ რომელიმე წარმომადგენელს შენი მოსაზრებები თუ არ მოსწონს, მაშინვე იწყებენ შენზე, მთლიანად ოჯახზე, მხარდამჭერებზე თავდასხმას და მათ რუსეთის აგენტებად შერაცხავენ. ხელწერა არის იგივე. ეს ადამიანები არ და ვერ იცვლებიან. ჩემი აზრით, აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ მაინცდამაინც ორმაგი სტანდარტია, რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ მათ არ ჰქონდათ, არ აქვთ და ალბათ არც არასდროს ექნებათ რაიმე ხარისხის შემწყნარებლობა განსხვავებულ აზრთან მიმართებით. ამიტომ არ შეიძლება მათი დაბრუნება ხელისუფლებაში. მათ შეუძლიათ, უსინდისოდ იმღერონ, იცეკვონ პუტინის რუსეთში, დაბრუნდნენ იქიდან და შენ, ვისაც მრავალი ათეული წელია, მოსკოვში ფეხიც კი არ დაგიდგამს, გეძახონ პრორუსი, რადგან ქართულ საქმეს აკეთებ. რეალურად, მათთვის ყველაფერი ქართული არის მიუღებელი, აუცილებლად უნდა იდგე ცალ ფეხზე და ასკინკილით უჯერებდე ვიღაცის თავსმოხვეულ აზრებს. ასე ვერ მოხდება, ყოველ შემთხვევაში, ამ ხელისუფლების პირობებში. ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. დარწმუნებული ვარ, საქართველო გაიმარჯვებს და არა – რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ან დაჯგუფება. რა თქმა უნდა, ეს მტკივნეული პროცესია, რთულია, მაგრამ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ უფრო მეტნი და ჩვენც გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, რათა სხვადასხვა პოზიციაზე მდგარმა ადამიანებმა მშვიდობიანად გამოვხატოთ აზრი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.