თეა წულუკიანი - ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ ყოფილ პატიმარს შეუძლია
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ ყოფილ პატიმარს შეუძლია. მთავარია, ამისთვის მათ ნება გამოხატონ, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ჩვენ მათ სხვადასხვა სერვისებს ვთავაზობთ – ე.წ. სივის შედგენის ცოდნიდან, დამთავრებული ისეთი მნიშვნელოვანი ტრენინგებით, როგორიც მაგალითად, პროფესიის შესწავლაა. განათლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტრო პროფესიული სასწავლებლებით გვეხმარება, რათა ბენეფიციარებმა შესაბამისი პროფესიული განათლება მიიღონ. მაგალითად, მეფილე–მოპირმკეთებლის, ზეინკლის პროფესია უფასოდ შეისწავლონ. შემდეგ უკვე, ისინი ბაზარზე თავის თავს პოულობენ“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს გადიან, როგორიცაა მაგალითად ბრაზის მართვა და ასე შემდეგ, რაც ყოფილ პატიმრებს ძალიან სჭირდებათ.
„ბენეფიციარები ამ ტრენინგის გავლის სურვილს გამოთქვამენ, რადგან როგორც ვიცით, არა ერთი დანაშაულის ჩადენა მაშინ ხდება, როცა ადამიანი ბრაზდება. მითუმეტეს, თუ მას ეკონომიკური პრობლემებიც აქვს. არიან ბენეფიციარები, რომლებიც ინგლისური ენის შესწავლის სურვილს გამოხატავენ და სწავლობენ. მნიშვნელოვანი სერვისია ფსიქოლოგის მომსახურებაც, რაც ყოფილ პატიმრებს ასევე ძალიან სჭირდებათ. ასე რომ, ჩვენ გვაქვს სერვისების პანოპლეა, რომელსაც ყოველწლირად ვზრდით“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, სერვისები, რომლებიც 2013–2014 წლებში მოთხოვნადი იყო, თანდათანობით მოთხოვნადი აღარ არის, რადგან ციხეებში მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდა.
„ყოფილ პატიმრებთან ისეთ საკითხებზე მუშაობა თითქმის აღარ გვიწევს, როგორიცაა მაგალითად ქუჩაში მარტო სიარულის შიშის დაძლევა, რომ გარეთ წელში გამართულმა იარონ და ხმამაღლა ისაუბრონ. თავიდან ეს პრობლემა იდგა, რადგან მაშინდელ ციხეში არაადამიანურ პირობებში პატიმრებს იმდენი წელი ჰქონდათ გატარებული, რომ მათთვის ასეთი ტიპის დახმარების გაწევაც ხშირად გვიწევდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.