თეა წულუკიანი - ვისაც ამის ფუფუნება გვაქვს, უნდა ვიყოთ სახლში, რათა ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავიცვათ
ვისაც ამის ფუფუნება გვაქვს, უნდა ვიყოთ სახლში იმისთვის, რომ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავიცვათ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„ჩვენი მიზანია, საზოგადოება კიდევ უფრო სოლიდარული გახდეს ამ ბრძოლაში, რომელსაც ხელისუფლება დღემდე საკმაოდ ეფექტურად და წარმატებულად აწარმოებს. იმისთვის, რომ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავიცვათ, უნდა ვიყოთ სახლში, ვისაც ამის ფუფუნება გვაქვს. ბევრი წუხს იმაზე, რომ მუდმივად სახლში უწევს ყოფნა, მაგრამ მინდა, ისინი ვანუგეშო, დავამშვიდო და ვუთხრა, რომ მე ვარ იმ ადამიანებს შორის, ვისაც პირიქით, გამიხარდებოდა, თუ სახლში ყოფნის შესაძლებლობა მექნებოდა. ამიტომ, დარჩით სახლში, ეს არ არის ცუდი, დროებით. ჩვენი, ყველას მიზანი უნდა იყოს ის, რომ სანქციებზე კი არ ვიფიქროთ, არამედ იმაზე, როგორ ვიყოთ პასუხისმგებლიანები შვილებისადმი, მშობლებისადმი და თანამოქალაქეებისადმი“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი არ არის ვინმეს სანქცირება, ან შემოღებული წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში საპატიმროში გაგზავნა, მაგრამ თუ გადაცდომები მოხდება, რა თქმა უნდა, პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
„ბევრი წუხილი გამოითქვა იმაზეც, რომ აკრძალვის მიუხედავად ქელეხებში ასეულობით პირის თავშეყრა იმართებოდა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ რეკომენდაცია თუ აკრძალვა აღარ იყო საკმარისი და მივიღეთ მკაცრი რეჟიმი, რომელიც დღეს, დილის რვა საათზე ჩაირთო“, – განაცხადა წულუკიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად გაიზარდა შიდა გავრცელების რისკი ახალი შემთხვევების გამოვლენიდან გამომდინარე, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საფრთხე გაიზარდა და კიდევ გაიზრდება.
„საქართველომ, როგორც ქვეყანამ, საზოგადოებამ და მისმა ხელისუფლებამ, ყველამ ერთად შევძელით, რომ კორონავირუსის საფრთხის განვითარების ტემპი სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ ნელი ყოფილიყო, მაგრამ არ არსებობს არავითარი განსხვავებული აზრი იმაზე, რომ ეს საფრთხე კიდევ უფრო გაძლიერდება. ეს ნამდვილად ასე იქნება. ჩვენი მიზანია, გამკაცრებული რეჟიმით შევეცადოთ, კიდევ უფრო ეფექტური ბრძოლის ფონზე ეს ტემპი არ იყოს ის, რასაც შეიძლება, აფეთქება დაერქვას. ტემპი გაიზრდება, მაგრამ ეს ტემპი იმდენად მართვადი უნდა იყოს, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს ისე, რომ ის არაეფექტური გახდეს, რაც ზოგიერთ სხვა ქვეყანას დაემართა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.