თეა წულუკიანი - ვინც არ უნდა იყოს, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, კანონით დღეს ქალი ქვეყანაში კბილებამდე შეიარაღებულია, რათა თავისი უფლებები დაიცვას
ვინც არ უნდა იყოს, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს ქალი ქვეყანაში კბილებამდე შეიარაღებულია, რათა თავისი უფლებები დაიცვას, – ასე უპასუხა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც თათია სამხარაძეს ეხებოდა.
„არ ვიცნობ ამ ქალბატონს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის და რას წარმოადგენს. სწორედ აღნიშნეთ და სავსებით სამართლიანად, რომ მე ვარ ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში გენმდივან ტორბიორნ იაგლანდთან ერთად ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჰქვია სტამბოლის კონვენცია, შემდეგ, იუსტიციის მინისტრობისას ფუნდამენტურ რეფორმას ჩავუდექი სათავეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რატიფიკაცია გააკეთა ქალთა უფლებებისთვის, გოგონებისა და ქალთა უფლებებისთვის, ამ კონვენციის რატიფიცირება პარლამენტში მოხდა. შესაბამისად, მე არ შეიძლება, მქონდეს განსხვავებული პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ სიტუაციას, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ვინც არ უნდა იყოს ის, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებული, რათა თავისი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, თუკი მისი უფლებები დაირღვა, ის ამას შეძლებს“, – აღნიშნა წულუკიანმა და „ფორმულას“ ჟურნალისტს მიმართა:
„თქვენ თქვით, რომ რა არის ეს სახლში მივარდნებიო. თქვენ ჩემს სახლში ახლახან იყავით მოვარდნილი, ანუ მინისტრს შეიძლება, სახლში მიუვარდე და ჟურნალისტს არ შეიძლება? თქვენი ტელევიზია და კიდევ აქ მყოფი არაერთი ტელევიზია სახლში გვივარდებით. მე არ მაქვს პრობლემა, მომივარდეთ სახლში, „ფორმულა“ და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული არხები, მაგრამ როდესაც ჩემი და ჩემი კოლეგების ოჯახების მოხუც წევრებს უვარდებით, ესეც თქვენი ხელწერაა. ამიტომ, ვიდრე სიტყვებს გამოთქვამდეთ, სახლში მივარდნა როგორ შეიძლებაო, სამჯერ დაფიქრდით, თუ ღმერთი არ გწამთ, ხუთჯერ. „ფორმულა“ და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული არხები ვიდრე შეიშმუშნებით, შეწუხდებით და ქალწულებრივ შეშფოთებას გამოთქვამთ იმასთან დაკავშირებით, თურმე ვიღაცას სახლში ვიღაც მიუვარდა, სამჯერ დაფიქრდით, რადგან ჩვენს სახლებში მოვარდნით ხართ დაკავებული, თუ ღმერთი არ გწამთ, ხუთჯერ დაფიქრდით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.