თეა წულუკიანი - ვიმედოვნებ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით წერტილი დაესმება სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სპეკულაციებს, თავად პატიმარი კი შეწყვეტს საკუთარი თავის დაზიანებას
იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდება, წერტილი დაესმება სპეკულაციებს, გაუგონარ ვაქხანალიას, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იყო, თითქოს მას ქართული სახელმწიფო არ ან ვერ უვლის, გადასაყვანია სხვა ქვეყანაში ან სხვა დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანი ასევე იმედოვნებს, რომ სააკაშვილი შეწყვეტს საკუთარი თავის დაზიანებას.
„ვიმედოვნებ, ამით დასრულდება უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რადგან ეს პირდაპირ დარტყმას აყენებს თვითონ სააკაშვილს, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ასევე, იმედი მაქვს, თავად პატიმარი, რომელიც იურისტია, სათანადოდ გაიაზრებს ამ გადაწყვეტილებას, ექნება სწორი რეაქციები, განაახლებს კვებას, შეწყვეტს საკუთარი თავის დაზიანებას. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი თავისთვის უკეთესი მომავალი, უკეთესი აწმყო სურს, რისთვისაც აუცილებელია, იყოს ჯანმრთელი. თავისი მხრიდან, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რაც დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ახლა ჯერი პატიმარზეა, შეწყვიტოს თვითდაზიანება. მას რაც მეტად შეუწყობენ ხელს ოჯახი, მეგობრები, თანამებრძოლები, გარემოცვა, შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება, მისთვის ეს მხოლოდ სასიკეთო იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.