თეა წულუკიანი - ვფიქრობ, გიორგი გახარია თავს გაართმევს მთავარ პრიორიტეტებს
რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი სტრუქტურაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავს გაართმევს მთავარ პრიორიტეტებს და შემდეგ ალბათ დროც მიეცემა, როგორც ყველა ახალ მინისტრს სჭირდება დრო ძალოვან სტრუქტურებში, რომ დეტალებსაც მიაქციოს ყურადღება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
პირველი არხის ჟურნალისტის, მიშა ფეიქრიშვილის კითხვაზე, რატომ მოხდა სწორედ ახლა გიორგი მღებრიშვილის თანამდებობიდან გადაყენება, წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს პრემიერის გადაწყვეტილებაა. თეა წულუკიანმა გიორგი მღებრიშვილის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, მღებრიშვილის ძალიან ღელავდა თითოეული პოლიციელის დარღვეულ უფლებაზე და ასევე ცდილობდა, პრიორიტეტი ყოფილიყო ადამიანის უფლებები.
რაც შეეხება გიორგი მღებრიშვილის მისამართით არსებულ შენიშვნებს, თეა წულუკიანის თქმით, ეს ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია.
„რაც შეეხება პრეტენზიებს ბატონი მღებრიშვილისადმი, მე ამას ძალიან მარტივად ვუპასუხებდი – ალბათ არ არსებობს მინისტრი, ვის მიმართაც არ არსებობს პრეტენზიები და ვის მოხსნასაც და თანამდებობიდან გაშვებასაც დღე ერთია და არ ითხოვდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტია თუ საზოგადოება, რაც არის ბუნებრივი პროცესი. ბუნებრივია იმიტომ, რომ როდესაც მინისტრი არის თანამდებობაზე, თუ მასზე ვინმე იტყვის რომ ეს ადამიანი უნდა იყოს იქ მუდმივად, სადაც არის, ეს იქნება სწორედ არაჯანსაღი. ჩემს მიმართაც ისმოდა და ისმის პრეტენზიები, ბატონი გოგასადმი და პრემიერ-მინისტრისადმიც. ეს არის ბუნებრივი დემოკრატიულ საზოგადოებაში. რატომ მიიღო პრემიერ-მინისტრმა ეს გადაწყვეტილება ახლა და არა მანამდე, ან შემდეგ, ან საერთოდ რატომ მიიღო, ეს არის პრემიერის გადაწყვეტილება და ალბათ მე ვერც შევძლებ ავხსნა, ან შევეცადო, დავასაბუთო. იგივე გადაწყვეტილება რომ მიეღო ჩემთან მიმართებით, მე რომ ვყოფილიყავი გათავისუფლებული, მე აგიხსნიდით, ჩემი აზრით რატომ გამათავისუფლეს. სხვა მხრივ მე ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ, მე არ ვარ ადრესატი. ჩემი მხრიდან, როგორც კოლეგის მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მთავრობის ერთ ბლოკში ვმუშაობდით, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა ბატონ გოგასთან. მე ის მინახავს, როგორ ღელავდა და წუხდა თითოეული პოლიციელის დარღვეულ უფლებებზე და ყველანაირად ცდილობდა, ისეთი ინსტრუქციები ჰქონოდათ ჩვენს სამართალდამცველებს, რომ პრიორიტეტი ყოფილიყო ადამიანის უფლებები, მოქალაქეს ეგრძნო თავი დაცულად და ამავე დროს, პოლიციელის ღირსებაც არ შელახულიყო. მან, რა თქმა უნდა, გადადგა კონკრეტული ნაბიჯებიც და იყო შემთხვევები, როდესაც გავიგებდით მედიიდან, რომ არის პრობლემა, შემდგომ მინისტრი და შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებოდნენ და მე ვიტყოდი, ხშირად აღმოჩნდებოდა, რომ არ იყო დასაბუთებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ შეირჩა შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარია და რამდენად გაართმევს ის თავს ამ თანამდებობას, წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი აზრით, გახარია, შესაბამისი ხელშეწყობით, თავს გაართმევს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს.
„რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი სტრუქტურაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავს გაართმევს მთავარ პრიორიტეტებს და შემდეგ ალბათ დროც მიეცემა, როგორც ყველა ახალ მინისტრს სჭირდება დრო ძალოვან სტრუქტურებში, რომ დეტალებსაც მიაქციოს ყურადღება. მაგრამ მთავარი არის ის, რაზეც ვსაუბრობდით და რაც ჯერ კიდევ ღარიბაშვილის დროიდან იყო პრიორიტეტი და რა თქმა უნდა შემდგომი მინისტრების, რომ ჩვენ გვქონდეს ისეთი შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლისაც მოქალაქეს არ ეშინია, მაგრამ აქვს მისი რიდი, რადგან პოლიციელისადმიმოქალაქეს უნდა ჰქონდეს რიდი, ამას ჰქვია კანონმორჩილება და ასევე პოლიცია უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რათა დაიცვას ფაქიზი ბალანსი, ადამიანის უფლებები, ერთი მხრივ და საზოგადოებრივი წესრიგი. სწორედ ამ პრიორიტეტს გახარია, შესაბამისი ხელშეწყობით თავს გაართმევს“, – აღნიშნა წულუკიანმა.