თეა წულუკიანი - ვერ ნახავთ, რომელიმე ხელოვანი გამეკრიტიკებინოს პოზიციის გამო, გარდა ანიტა რაჭველიშვილისა, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ პუტინს რუსეთში უმღერა
ვერცერთ საჯარო განცხადებას ვერ ნახავთ, რომლის ფარგლებშიც რომელიმე ხელოვანი გამეკრიტიკებინოს პოზიციის გამო, თუ არ ჩავთვლით ანიტა რაჭველიშვილის შემთხვევას, – კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
წულუკიანის თქმით, თავადაც აქვს უფლება, გამოხატოს აზრი იმ სიტყვებითა და ფორმულირებით, როგორც სურს.
„ცნობილი მომღერალი თუ ყოფილი მომღერალი ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილი, ერთი მხრივ, ამბობს, რომ ეს ხელისუფლება არის თურმე რუსული და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პუტინს უმღერის რუსეთში. ეს არის უცნაურობა პოზიციასა და ქცევას შორის. როგორც თქვენ, მეც მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი აზრი თავისუფლად იმ ფორმულირებითა და სიტყვებით, რომლებსაც საჭიროდ ჩავთვლი. საქმე გახლავთ შემდეგში: ზოგიერთს აღიზიანებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შეიძლება საერთოდ იფიქროს, რამე თქვას. აი, ეს არის ზოგიერთისთვის პრობლემა. რატომღაც ითვლება, რომ ყველა სხვას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, უხეშად; ყველა სხვას აქვს უფლება, დააბულინგოს „ქართული ოცნების“ მომხრე და წარმომადგენელი. მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და მის წარმომადგენლებს არ გვაქვს უფლება, გულში გავივლოთ რაიმე აზრი, მით უმეტეს, ეს აზრი გამოვხატოთ. მინდა, გაგაწბილოთ და გითხრათ, რომ ჩვენც გვაქვს უფლება, ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ. ვფიქრობ შემდეგს – რომელიმე ხელოვანი თვლის, რომ ყოველგვარი რუსული მიუღებელია, ერთგულია ამ მიდგომის და არ მღერის პუტინის რუსეთში ან თავს იკავებს ნებისმიერი საპირისპირო პოზიციისგან და ამბობს სიმართლეს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, როდესაც ქცევასა და ნათქვამ სიტყვას შორის განსხვავებაა, ეს გაკვირვებას იწვევს.
„ხელოვანები არიან თავისუფალი. მესმის, რომ არსებობს გაღიზიანება, რატომ არის დაკავებული ხელოვანთა უმრავლესობა ხელოვნებით და არ აკრიტიკებს იმ კანონს, რომელსაც არაფერი არ აქვს რუსული. ეს არის ქართული კანონი, რომელიც მიმართულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. არაერთი საარჩევნო წელი ყოფილა 2012 წლიდან დღემდე და არაერთი მაგალითი შემიძლია პირადად მოვიყვანო, როდესაც გაუმჭვირვალე ფულით ფინანსდებოდა სხვადასხვა მინისტრის, პრემიერ-მინისტრის თუ პოლიტიკური პროექტის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესები. ეს პროცესები მიმართული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისკენ. რა თქმა უნდა, უპირველესად საზოგადოებას და არა რომელიმე მთავრობას, უფლება აქვს, იცოდეს რა ფულია ეს, საიდან მოდის და რა მიზანს ემსახურება. ვამბობ საზოგადოებას, რადგან მთავრობები მიდიან, არავინ არ არის მუდმივად ხელისუფლებაში და ვერ იქნება. საზოგადოება და ეს ქვეყანა კი არის მუდმივი. ამიტომაც ეს კანონი აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული, რათა არასამთავრობო სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად გაუმჭვირვალეა, გახდეს მეტ-ნაკლებად გამჭვირვალე და თქვენ იცოდეთ, რაში რა თანხა იხარჯება და რატომ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა დღეს სოციალურ ქსელში ანიტა რაჭველიშვილის 2014 წლის ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: „ეს მოსკოვში უმღერა. სრულიად გამჭვირვალედ, როცა ჯერ კიდევ ჰქონდა და სანამ დაკარგავდა (დალოცვილ) ხმას!“