თეა წულუკიანი - ველოდებით, რომ წელს ან გაისად, სტრასბურგის სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რაც ასევე გამოგვადგება ჰააგაში
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილია მტკიცებულებები, ველოდებით წელს და პესიმისტური სცენარით გაისად, რომ ომის საქმეზე სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს ასევე გამოგვადგება ჰააგის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამოძიების საქმეზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„გასული წლის მაისში სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ გვქონდა ბოლო ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა და დაპირისპირება ევროპული კონვენციის ნორმების ფარგლებში რუსეთთან. მინდა, დეპუტატებს მოვახსენო ის მტკიცებულებები, რომლებიც ამ ბოლო სხდომაზე კიდევ დამატებით წარვადგინეთ, რათა კიდევ გვეჩვენებინა, რომ სწორედ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული სწორედ რუსეთი ახორციელებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს, იქნება ეს გარემოებები, როგორიც არის ჯარების განთავსება, თანამდებობის პირების დანიშვნა, სამხედრო ბაზების მშენებლობა, მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, მოქალაქეობის მასობრივი მინიჭება პასპორტიზაციის გზით, რუსეთის კანონმდებლობის გამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ის მტკიცებულებები ჩამოთვალა, რომლებიც საქართველოს მიერ სტრასბურგშია წარდგენილი.
„პუტინის 12 წლის წინანდელი საჯარო ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთს ჰქონდა წინასწარ შემუშავებული გეგმა და რომ ამ გეგმის მიხედვით ხდებოდა ოსი ე.წ. სამხედროების გადამზადება და შეიარაღება; კოკოითის 2006 წლის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი უკვე ფაქტობრივად რუსეთის სუბიექტია; ინფორმაცია რამდენიმე რუსი პირის სამშობლოს ღალატისთვის გასამართლების შესახებ, რომლებმაც გააჟღერეს ინფორმაცია რომ რუსეთის ჯარები ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში 2008 წლის აგვისტომდე დიდი ხნით ადრე იყვნენ; სატელეფონო მიყურადებები, რითაც დასტურდება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები 7 აგვისტოს დილას როკის გვირაბში შემოვიდნენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსვლის დროს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას მიმართა და აღნიშნა, რომ სტრასბურგში იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი ერთ-ერთი მტკიცებულება გიგა ბოკერიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობის პერიოდში გავრცელებული რელიზია.
„7 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული რელიზი, ბატონო გიგა, თქვენ დროს, რომ რუსები შემოდიან როკის გვირაბიდან და ვითხოვთ ეუთო-ს მონიტორინგის შეშვებას; საჰაერო რადარის 7-12 აგვისტოს მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ რუსები სრულად აკონტროლებდნენ საჰაერო სივრცეს; ასევე მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, ჩვენ ვამტკიცებთ დოკუმენტურად და არა პოლიტიკური განცხადებების დონეზე, რომ სწორედ რუსეთი დაესხა საქართველოს თავს; 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და ფოტო მასალები, რადარის მონაცემები , ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, განაღმვის ანგარიშები და სხვა. ასევე მრავალი რუსული თუ სხვა ქართული, მაგრამ რუსული უფრო წონადი მტკიცებულება; რუსული ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები, რომელიც მათივე საზიანოა. ეს ყველაფერი წარდგენილია, ჩვენ ველოდებით წელს და პესიმისტურ სცენარში გაისად, რომ ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ჩვენ ეს გამოგვადგება ასევე, ბატონო გიგა, ჰააგის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამოძიების საქმეზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, კვლავ ოპოზიციას მიმართა და აღნიშნა, რომ ის დეპუტატების წინაშე ანგარიშის ჩასაბარებლად მივიდა, აღნიშნული ფორმატის შემუშავების გამბედაობა კი წინა ხელისუფლებას არ ეყო.
„მე თქვენთვის ვარ აქ მოსული, რადგან მაქვს ასეთი პოზიცია, რომ თქვენ უნდა ჩაგაბაროთ ანგარიში. ამას ამბობს „ქართული ოცნების“ ლიდერობით შემუშავებული ახალი რეგლამენტი, რომლის შემუშავების გამბედაობა თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ გეყოთ ან მიიღებდით და ჩემი წინამორბედი აქ არ მოვიდოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მანამდე თეა წულუკიანმა ტრიბუნიდან გიგა ბოკერიას მიმართა – „აგვისტოს ომზე ვსაუბრობ და ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ თავი, მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ“.