თეა წულუკიანი - ვასრულებთ საბჭოთა ხანას, როდესაც კარგი სერვისები მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში იყო ხელმისაწვდომი
თეა წულუკიანი - ვასრულებთ საბჭოთა ხანას, როდესაც კარგი სერვისები მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში იყო ხელმისაწვდომი

მარტივია ფილოსოფია, რომ სერვისები მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში არ იყოს თავმოყრილი. ვასრულებთ იმ საბჭოთა ხანას, როცა კარგი სერვისები და ხელმისაწვდომობა იყო მხოლოდ თბილისში და დიდ ქალაქებში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ამბროლაურში სამეწარმეო საქმიანობის ხელშემწყობი პროექტის, „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ბოლო რვა წლის განმავლობაში უპრეცენდენტო მშენებლობების პროცესი მიმდინარეობს.

„ბოლო რვა წლის განმავლობაში უპრეცენდენტო მშენებლობების პროცესით მთელი საქართველო მოვიცავით. საქართველოში 81 საზოგადოებრივი ცენტრი გვაქვს, 81-ე გაიხსნა სულ რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურში. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში დედოფლისწყაროში, ნინოწმინდაში, ასპინძასა და ბაღდათში გაიხსნება საზოგადოებრივი ცენტრები. პირველ სექტემბრამდე იმ 24 იუსტიციის სახლს, რომლებიც საქართველოში ფუნქციონირებს, დაემატება ქარელისა და წყალტუბოს იუსტიციის სახლი.

ასევე, არაერთი იუსტიციის სახლის პროექტი მზადაა. ზოგიერთ მათგანზე ტენდერიც მიმდინარეობს, ეს იქნება სამტრედია, ხაშური, ახმეტა, ზესტაფონი თუ სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ იუსტიციის სამინტროს ფრონტოფისები, რომლებიც სოფლებში, მცირე ქალაქებსა და დაბებში მდებარეობს, ცვლის თქვენს ყოველდღიურობას, ყოველდღიურ ცხოვრებას ცვლის  ბიზნესმენებისთვის, ფერმერებისთვის და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებისთვის.

გაისად მხოლოდ ოთხი ადგილი იქნება დარჩენილი, რომლებზეც ჩვენ ვიზრუნებთ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მარტივია ფილოსოფია, რომ სერვისები მხოლოდ თბილისსა და შიდა დიდ ქალაქებში არ იყოს თავმოყრილი და თქვენ არ გიწევდეთ მოგზაურობა პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. როცა გაქვთ კარგი ინიციატივა, სახელმწიფომ ხელი უნდა შეგიწყოთ. ვასრულებთ იმ საბჭოთა ხანას, როცა კარგი რაღაცები, კარგი სერვისები და ხელმისაწვდომობა იყო მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.