თეა წულუკიანი - ვარჰეის განცხადებები მოწმობს, რომ ევროკომისრისგან მთავრობის საქმიანობა დადებითად ფასდება, გასაკვირი არ არის ოპოზიციის უკმაყოფილება, მათ სწყინთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოა
საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მადლობას უხდის ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომ ჩამოვიდა საქართველოში და ადგილზე შეაფასა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესი.
წულუკიანის თქმით, ოლივერ ვარჰეის განცხადებები მოწმობს, რომ ევროკომისრის მხრიდან დადებითად ფასდება მთავრობის საქმიანობა.
„მისი განცხადებები, როგორიც არ უნდა იყოს ამ განცხადების წაკითხვის ან ინტერპრეტაციის მეთოდი, ცალსახად მოწმობს, რომ ევროკომისრის მიერ დადებითად ფასდება მთავრობის საქმიანობა, ის პროცესი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას და „ქართულ ოცნებას“ მიჰყავს პარლამენტში, რათა ქართველი ხალხის მრავალი საუკუნის წინ გაკეთებული რეალური არჩევანია, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ამ დიდ ოჯახში ჩვენი ღირსეული ადგილი გვეკუთვნის. ამ გზაზე პროცესი, რაც ჩვენს ხელისუფლებას მიჰყავს, ევროკომისრის მიერ დადებითად შეფასდა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ამავდროულად, წულუკიანი ამბობს, რომ გასაკვირი არ არის ოპოზიციის უკმაყოფილება ევროკომისრის მხრიდან ამგვარი პოზიტიური განცხადებების თაობაზე.
„წარსულში გვაქვს მრავალი მაგალითი, რომ როცა ჩვენს ქვეყანას ვინმე აკრიტიკებს უცხოეთიდან, ოპოზიციას უხარია, ხოლო როდესაც ქართველ ხალხს, მის ქვეყანას, მის ხელისუფლებას უცხოელი აქებს, ოპოზიციას ეს სწყინს. ეს უკვე მათი დამკვიდრებული ხელწერაა, მათი იმიჯის ნაწილია, რომ ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს ყოველთვის სწყინს, რაც არის სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მითუმეტეს, რომ ევროკომისარ ვარჰეის მხრიდან გვაქვს პოზიტიური გზავნილები, რომ პროცესი სწორ გზაზეა. ამ გზაზე მუშაობასა და წინსვლას გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი უკვე მომდევნო ეტაპზე მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენ მივიღებთ იმ სტატუსს, რომელიც ქართველ ხალხს ნამდვილად ეკუთვნის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.