თეა წულუკიანი - ვაპირებ, რამდენიმე თეატრის შემთხვევაში გამოვიყენო დისკრეციული უფლებამოსილება და დავნიშნო სამხატვრო ხელმძღვანელები
სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით, მომავალი კვირიდან კონკურსი გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი თქმით, რამდენიმე თეატრის შემთხვევაში დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას აპირებს.
„თეატრები ცოტა ვნებათაღელვის საგანია ხოლმე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ იქნება. გეტყვით, რომ 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს ვადა ეწურება პირველ იანვარს. ეს ვადა გადიოდა შემოდგომაზე, მაგრამ გახანგრძლივდა რამდენიმე თვით. ჩვენ უკვე მომავალი კვირიდან გამოვაცხადებთ კონკურსებს და დაიწყება სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი. მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.