თეა წულუკიანი - ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ აქვს, სამოქალაქო კლინიკაში გაყვანა არ ნიშნავს, რომ პატიმარი მძიმედაა
ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური ფაქტორი გამორიცხულია, წინასწარ კი წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლება, საბჭომ იფიქროს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ თუნდაც, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა, მომავალში ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების მიზეზი გახდეს.
თეა წულუკიანმა ვანო მერაბიშვილის ოჯახს მიმართა და განაცხადა, რომ მათ პატიმარს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ აქვს.
„ჰორნერის სინდრომს, რომელიც ვანო მერაბიშვილს დაუდგინდა, როგორც კომპეტენტურმა მედიკოსებმა თქვეს, ხან სიმსივნე იწვევს, ხან ინფარქტი, ხან ინსულტი და ხან ინტოქსიკაცია, ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. სამოქალაქო კლინიკებში გადაყვანის შედეგად ვნახეთ, რომ სიმსივნე მის არც ერთ ორგანოზე არ ფიქსირდება; ასევე გამოირიცხა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები; საბედნიეროდ, სახეზე არ არის ინსულტი და ინფარქტი და რჩება ის, რასაც ამბობენ, რომ შეიძლება, არის ინტოქსიკაცია. ექიმები კი გვეუბნებიან, რომ ინტოქსიკაცია გამორიცხულია და არ გვაძლევენ რეკომენდაციას, რომ ტესტები გავაკეთოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა პენიტენციურ სამსახურს ურჩია, თუ პატიმარს მცირედი ეჭვი მაინც აქვს, უახლოეს პერიოდში მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოხდეს, რათა პატიმარი და მისი ოჯახი წყნარად იყოს.
მისი თქმით, აგვისტოს პირველ დღეებში, როდესაც ვანო მერაბიშვილმა სამედიცინო პერსონალთან დააფიქსირა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მას ყველა ტიპის კონსულტაცია დროულად ჩაუტარდა.
„ის სამედიცინო კლინიკაში რამდენჯერმე იყო გაყვანილი. საზოგადოებისგან კითხვა ისმოდა, ალბათ, მართლაც რაღაც სჭირს და მძიმედ არის, თორემ ამდენჯერ რატომ გაჰყავთო. პატიმრების სამოქალაქო კლინიკაში გაყვანის ფაქტები ძალიან ბევრია, წელიწადში – ასეულობით და იქ გაყვანა იმას არ ნიშნავს, რომ პატიმარი მძიმედაა. ჩვენ პატიმრის დამძიმებას არ ველოდებით იმისთვის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადავიყვანოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკმარისია, ვანო მერაბიშვილმა, თუ ნებისმიერმა სხვა პატიმარმა რაღაც აიტკიოს, თუ პენიტენციური სამსახური ჩათვლის, რომ უკეთესი სამოქალაქო კლინიკა იქნება და არა ციხის საავადმყოფო, გადაყვანა კითხვის ნიშნის გარეშე ხდება.
წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ ამის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახსნა მგლის თავზე სახარების კითხვაა, რადგან მათ სამოქალაქო კლინიკაში მხოლოდ მომაკვდავი პატიმრები გადაჰყავდათ, რასაც თავის დროზე, სიკვდილის ექსპორტი დაერქვა.