თეა წულუკიანი - უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის ახალი წესი მნიშვნელოვანი ტესტია, რადგან ახალი კონსტიტუციით სასამართლო ხელისუფლებამ მიიღო დამოუკიდებლობა, რომელიც ეკუთვნოდა
უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის ახალი წესი კარგია და ეს მათთვის პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია, რადგან ახალი კონსტიტუციით სასამართლო ხელისუფლებამ მიიღო დამოუკიდებლობა, რომელიც ეკუთვნოდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს კარგი წესი პრაქტიკაში მათ მიერ კარგად იქნება თუ არა გამოყენებული, ეს ჩემი მხრიდანაც ძალიან დიდი ინტერესის და დაკვირვების საგანია“, – განაცხადა წულუკიანმა.
ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად კარგია უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის ახალი წესი, რომელიც ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შედის და, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს კანდიდატებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც საქართველოში ძალიან კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, 16 დეკემბრის შემდეგ იხსნება შესაძლებლობა, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება პრეზიდენტის და ხელისუფლების ყველა სხვა შტოს არასათანადო, თუ კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევის გარეშე მოხდეს.
„არის ძალიან ბევრი საქმე და ხანდახან, გვესმის, რომ სასამართლო პროცესი პარალიზებულია, რადგან ადამიანური რესურსი არ კმარა. დანიშვნების 17-ში დილით დაწყების ვალდებულება, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ეს მათზეა დამოკიდებული, რა რიტმის მიყოლას აპირებენ“, – განაცხადა წულუკიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია არჩევის ახალი წესი იმ პირობებში, „როცა ჩინჩალაძე-გვრიტიშვილის კლანს აქვს შანსი, უვადოდ მოხვდნენ უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში, რომელიც ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, ამ კლანის გავლენებისგან ახლა, ასე თუ ისე, თავისუფალია“, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მან არ იცის და ვერც ეცოდინება, ვინ რას აპირებს, ან, ვის რისი სურვილი აქვს, მაგრამ იცის, რომ თუ ჯანსაღი მიდგომა, კეთილი ნება და სურვილია, რომ უზენაესი სასამართლოში ის ადამიანები იყვნენ, ვინც სამოსამართლო კორპუსს იმიჯსა და რეპუტაციას აუმაღლებს, ჩანაწერი ამის შანსს იძლევა.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, თვლის თუ არა ის საჭიროდ პროცედურის საკანონმდებლო რეგულირებას, რათა მაგალითად, გამჭვირვალობაზე უფრო მეტი ვიცოდეთ, წულუკიანმა განაცხადა, რომ ის ამის საჭიროებას ხედავს.
„ნამდვილად ვთვლი, რომ ამ მუხლის დახვეწა შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, ღირსეული და კარგი კანდიდატურების შერჩევა შეიძლება ამ ჩანაწერის პირობებშიც, რომელიც პარლამენტმა მიიღო“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, იქ, სადაც ადამიანები არსებობენ, რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საზოგადოების მხრიდან რისკი კიდევ უფრო მაღალი დაკვირვებისა და შეფასების ქვეშაა და ახლა, უნდა ვნახოთ, ამ ხელისუფლების პირობებში გათავისუფლებული სასამართლო სისტემის მიერ ეს პირველი ტესტი როგორ იქნება ჩაბარებული.