თეა წულუკიანი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე „ქართული ოცნების“ კანონპროექტი პირდაპირ პასუხობს ვენეციის კომისიის დასკვნებს
თეა წულუკიანი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე „ქართული ოცნების“ კანონპროექტი პირდაპირ პასუხობს ვენეციის კომისიის დასკვნებს

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირდაპირ პასუხობს ვენეციის კომისიის დასკვნებს, მოთხოვნებსა და ევროპულ სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში წარდგენილია მმართველი პარტიის მიერ, სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის მოსაზრებებს.

„ჩვენ უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ კანონპროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ჯგუფმა შეიმუშავა, პირდაპირ პასუხობს ვენეციის კომისიის დასკვნებს, მოთხოვნებსა და ევროპულ სტანდარტებს. დანარჩენი კრიტიკა რაც ისმის,  არის პერსონალიების კრიტიკა, არ უნდა აგვერიოს კანონი და პერსონალიები ერთმანეთში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის შეტანა ყველა კვალიფიციურ იურისტს შეეძლება, იმ შემთხვევაში კი, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც საბჭო შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ინდივიდუალურ რეჟიმში გაესაუბრებიან.