თეა წულუკიანი - უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისგან მტკიცებულებებს ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, სხვა შემთხვევაში, გავაკეთებთ დასკვნას, რომ საქმე ეხება ცრუ ბრალდებას
თეა წულუკიანი - უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისგან მტკიცებულებებს ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, სხვა შემთხვევაში, გავაკეთებთ დასკვნას, რომ საქმე ეხება ცრუ ბრალდებას

როდესაც ერთი პირი მეორეს სდებს ბრალს, ბრალმდებელმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაავრცელა, სადაც იყო პრაქტიკულად ახსნილი საბაზისო წესები სისხლის სამართალში.

„როდესაც ერთი პირი მეორე პირს სდებს ბრალს, ბრალმდებელმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, თუ რა არის რეალობა საქართველოში. რეალობა არის, რომ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება ყველა სანქცირებული მასალა. ეს არის ფაქტებით გამყარებული რეალობა. ხოლო როდესაც საწინააღმდეგოში ბრალს სდებ ​სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, თავადვე უნდა წარმოადგინო მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისა და შესაბამისი სამსახურებისგან მტკიცებულებებს იმ ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, რომლებიც გაჟღერდა ორიოდე დღის წინ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ დასკვნას, რომ საქმე ეხება ცრუ ბრალდებას, ძალიან თბილად რომ ვთქვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.