თეა წულუკიანი - ტყუილია, რომ იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს, სუბელიანმა და ახობაძემ ფულზე ვაჭრობა დაიწყეს [ვიდეო]

სააღსრულებო ფურცლის შემოსვლისთანავე, ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე მიწვეული იყვნენ სააღსრულებო ბიუროში, სადაც მათ დაიწყეს ვაჭრობა ფულზე და თქვეს, რომ მოგვეცით უფრო მეტი ფული, მოიხადეთ ბოდიში და აღვასრულებთ, ვიტყვითო. დიახ, ფულზე ვაჭრობა იყო, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას კითხვას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების, ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის საქმეს ეხებოდა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ტყუილია იმის მტკიცება, რომ იუსტიციის სამინისტრო ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს.

„ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ როგორც ჩანს, ერთ-ერთი კითხვის ავტორს, მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა და არ მომისმინა, ამიტომ ახლა გასაგებად ვამბობ, ცრუ არის მტკიცება იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ ასრულებს და ზოგიერთი მედიის მიერ ამ სიცრუის ტირაჟირება ხდება. უფრო მეტიც, ზოგიერთმა დეპუტატმა ჩვენივე პარტიიდან მკითხა, ეს მართალიაო. არა, ბატონებო, ეს არის სიცრუე, რადგან ქალბატონი სუბელიანი, ბატონი ახობაძე როგორც სააღსრულებო ფურცელი შემოვიდა, მიწვეული იყვნენ სააღსრულებო ბიუროში და მათ დაიწყეს ვაჭრობა ფულზე და თქვეს, რომ მოგვეცით უფრო მეტი ფული, მოიხადეთ ბოდიში და აღვასრულებთ, ვიტყვითო… დიახ, ფულზე ვაჭრობა იყო“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის ამ განცხადებას პროტესტი მოყვა ახობაძისა და სუბელიანის მხრიდან. მათ იუსტიციის მინისტრი ტყუილში დაადანაშაულეს. პარლამენტის მანდატურები იძულებული გახდნენ, სუბელიანი და ახობაძე დარბაზიდან გაეყვანათ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, არც ერთი ეს გადაწყვეტილება დღეს აღსრულებადი არ არის. წულუკიანმა განმარტა, რომ ახობაძის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება გაბათილდა, ხოლო სუბელიანის შემთხვევაში, ის სასამართლომ იმ პოზიციაზე აღადგინა, რომელიც მოცემულ სსიპ-ში არ არსებობდა.

ახობაძის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილება არის გაბათილებული, რადგან იმ პოზიცია, სადაც აღდგენილი იქნა ახობაძე, ცოცხალი ადამიანი მუშაობს. ამ ადამიანმა იჩივლა და თქვა, რომ მისი, როგორც მესამე მხარის უფლებები ირღვევა და ახლა მიმდინარე დავაა სასამართლოში. შესაბამისად, მანამ დავა არ დასრულდება, ვერ შესრულდება ეს სასამართლო გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ქალბატონ სუბელიანს, რომელიც ღელავს და არ სიამოვნებს ის პასუხები, რასაც მე ვიძლევი, ელენეს კითხვის პასუხად. სუბელიანის შემთხვევაში, საქმე ეხება შემდეგს, ის აღდგენილი იქნა სასამართლოს მიერ იმ პოზიციაზე, რომლიდანაც არ გათავისუფლებულა და უფრო მეტიც, იმ პოზიციაზე, რომელიც არასდროს მოცემულ სსიპ-ში არ არსებულა, შესაბამისად, აღსრულების ფურცელი აღუსრულებლად დაბრუნდა და ამაზე მიმდინარეობს სასამართლო დავა. ნებისმიერ იურისტს ესმის, რომ მიმდინარე დავაზე არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

31 იანვარს საია-მ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

საია-ს ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წელს ცენტრიდან ორი თანამშრომლის, თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და დაკმაყოფილდა მოთხოვნა აღნიშნული პირების თანამდებობებზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, რომელიც ორივე მათგანის შემთხვევაში, ჯამში დაახლოებით 150 ათას ლარს შეადგენს.