თეა წულუკიანი - თუ სტრასბურგი საჩივრების აღდგენის მოთხოვნას გამოაგზავნის, სამინისტრო შეპასუხებას წარადგენს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო საჩივრების აღდგენის მოთხოვნას გააგზავნის, იუსტიციის სამინისტრო შეპასუხებას წარადგენს.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, საქმეებზე, რომლებზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები საუბრობენ, ბევრი რამ არის სათქმელი, მათ შორის, როგორ სრულდება აღებული ვალდებულებები.
“როგორც კი ჩვენ სტრასბურგიდან აღდგენის მოთხოვნა გამოგვეგზავნება, რა თქმა უნდა. ჩვენ შეპასუხებას წარვადგენთ, მათ შორის იმასაც. რომ ორი წლის განმავლობაში 50-ზე მეტი მოწმე იქნა დაკითხული, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა პროკურატურის ორგანოების მიერ და ამჟამად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ექსპერტიზის შედეგებს ველოდებით, რაც ალბათ მოგვცემს საშუალებას. რომ გამოძიებამ წინ წაიწიოს. შესაბამისად ჩვენ ამ საქმეებზე ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, თუ როგორ სრულდება აღებული ვალდებულებები და როგორც კი სტრასბურგი მოგვთხოვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, ჩვენ ამ პასუხს წარვადგენთ და შემდეგ დაველოდებით თავად სტრასბურგის გადაწყვეტილებას აღადგენს თუ არა ამ საჩივრებს განსახილველ საქმეთა ნუსხაში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ევროპულ სასამართლოში განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხული საჩივრების აღდგენის მოთხოვნით საქართველოდან საჩივარი გააგზავნა. სულ ოთხი საქმეა – თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ, ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და “მაესტრო” და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.