თეა წულუკიანი - თუ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებებს
თუ ვნახე, რომ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებებს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მინისტრობიდან არ გადამდგარა, თუმცა, თანამდებობიდან წასვლა არ გამორიცხა.
თეა წულუკიანმა განმარტა, რომ ოთხი-ხუთი დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებშია გადასაწყვეტი და, რომელზეც დისკუსია მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, მას ძალიან მყარი პოზიცია აქვს.
კონკრეტულად რა საკითხზეა საუბარი, თეა წულუკიანს არ დაუკონკრეტებია, თუმცა დააზუსტა, რომ თემა არ ეხება არც ერთ რეფორმას და არც ერთ პროცედურას.
„ეს არის საკითხი, რომელიც არის ჩემს თვალში, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, თანამდებობა არ არის ფასეული“, – განაცხადა წულუკიანმა.
კითხვაზე, აღნიშნული საკითხი ხომ არ უკავშირდება მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ ეს არის წმინდად მისი უწყების უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა.
„ეს საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა. ეს არ ეხება რომელიმე რეფორმას ან რომელიმე პროცესს, მათ შორის პარლამენტში მიმდინარეს. ამიტომაც თავს შევიკავებ ამ თემაზე დღეს ღიად საუბრისგან, რადგან შიგნით ვმსჯელობთ აღმასრულებელი სტრუქტურების ფარგლებში. რამე ტრაგიკული არ ხდება. ვფიქრობ, ეს არის ჯანსაღი პროცესი და თუ ვნახე, რომ პოზიცია, რომელიც მე მაქვს, არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის, მიმდინარეობს მსჯელობა, არის თუ არა მისი პოზიცია სწორი.