თეა წულუკიანი - თემურ ალასანია თავისი განცხადებებით ადასტურებს, რომ არათუ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ უნდა დავუშვათ, ქვეყნის მართვაში მათი მონაწილეობაც კი უკიდურესად საშიშია
საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, თემურ ალასანიას განცხადება ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება.
წულუკიანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას იმ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.
თეა წულუკიანის თქმით, ამგვარი განცხადებები მიზნად ისახავს საკუთარი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისადმი მტრობას.
„თემურ ალასანია რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში მავნებლობით სახელგანთქმულია, ეს უკვე ყველამ იცის ჩვენს ქვეყანაში. ის, უბრალოდ, თავისი ახალი განცხადებებით და გამონათქვამებით ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ არამცთუ მისი ოჯახის წევრების, უფრო ფართოდ „ნაცმოძრაობის“ და მსგავსების დაბრუნება ხელისუფლებაში, არამედ ქვეყნის მართვაში მონაწილეობაც კი უკიდურესად საშიშია. ამგვარი განცხადებები მიზნად ისახავს მტრობას საკუთარი ქვეყნისადმი, მტრობას საკუთარი სამშობლოს მშვიდობიანი, სტაბილური აწმყოსა და მომავლისადმი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პოლიტიკურად, რათა ამ ადამიანებს ქვეყნის ბედის მართვაში არავითარი ბერკეტი არ ჰქონდეთ, ვინაიდან ისინი ძალიან, ძალიან საშიშნი არიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.