თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლოს წინაშე აგვისტოს ომზე ჩვენს სიმართლეს ძალიან წელგამართულად ვამტკიცებთ
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვანი დავა მიჰყავს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, სამთავრობო უწყებებმა ბოლო ხუთი წლის მანძილზე 700-მდე მტკიცებულება შეაგროვეს, რათა აჩვენონ მსოფლიოს არა მხოლოდ სიმართლე, არამედ პირველად დადგეს სასამართლო გადაწყვეტილება.
„სამთავრობო უწყებებმა ბოლო ხუთი წლის მანძილზე 700-მდე მტკიცებულება შევაგროვეთ, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს არა მხოლოდ სიმართლე, არამედ პირველად დადგეს სასამართლო გადაწყვეტილება – გამოიცეს საერთაშორისო მასშტაბის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი შემოესია საქართველოს, ჩვენ ყველა ღონეს მივმართეთ, რათა თავი დაგვეცვა; ამ ომში ჩვენ გავხდით მსხვერპლი ეთნიკური წმენდის, ოკუპაციის, რომელიც კვლავ მიმდინარეა; ძალიან ბევრმა ოჯახმა, ქვეყანამ დანაკარგი განიცადა, იქნება ეს დაკარგული გმირების სიცოცხლე, მატერიალური თუ მორალური ზიანი. ამ ყველაფერს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ძალიან წელგამართულად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვამტკიცებთ.
ასევე გამოძიება მიჰყავს ჰააგის პროკურორის ოფისს და იქაც ჩვენი მთავარი ხაზია, რომ ვაჩვენოთ ქართველების ეთნიკური წმენდა, სოფრომაძის, ანწუხელიძისა და სხვების სამხედრო ტყვეების წამება, მკვლელობის ფაქტები და აქ რეალურად ჩვენ მტკიცებულებებს ვეყრდნობით. ამიტომ, მე უარს ვაცხადებ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებისა თუ პოლიტიკოსების პოლიტიკურ განცხადებებზე კომენტარები ვაკეთო და მათ დავეყრდნო, რადგან ეს თავისთავად უბრალოდ განცხადებებია. ჩემი განცხადება არის სამთავრობო პოზიცია, ქვეყნის პოზიცია, ეს არის ის სამართლებრივი პოზიცია, რომელსაც ვიცავთ და ბოლომდე დავიცავთ საერთაშორისო სასამართლოების წინაშე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.