თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილი მოიქცა ანტიკონვენციურად, როდესაც გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალა, აბსურდის პროცედურაა, როდესაც სააკაშვილი ახლა სტრასბურგში ჩივის
აბსურდის პროცედურაა, როდესაც სააკაშვილი ახლა სტრასბურგში ჩივის, რადგან სტრასბურგის სასამართლოს ეუბნება, ის მსჯავრდებულები რომ შევიწყალე, მე ვიყავი მართალი და არა თქვენო, – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის„აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა პერსპექტივა აქვს მიხეილ სააკაშვილის სარჩელს, რომელიც ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო, რადგან როგორც მისმა ადვოკატებმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე განაცხადეს, მათ ვალერი გელაშვილისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს და სასამართლომ ეს საქმეები წარმოებაში მიიღო.
„როდესაც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ესა თუ ის საქმე წარმოებაში მიიღო, ამაში გულისხმობს მოპასუხისთვის, ანუ საქართველოს მთავრობისთვის გარკვეული კითხვარის გამოგზავნას და საქართველოს მთავრობა ამ დროს, ამზადებს ხოლმე შესაგებელს. ეს არის ჩვეულებრივი შეჯიბრებითობის პრინციპი და ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილმა ამ საქმეებზე გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ იგივე გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგში უჩივის, თავად სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი მოიქცა ანტიკონვენციურად, როდესაც გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალა. შესაბამისად, აბსურდის პროცედურაა, როდესაც სააკაშვილი ახლა სტრასბურგში ჩივის, რადგან სტრასბურგის სასამართლოს ეუბნება, ის მსჯავრდებულები რომ შევიწყალე, მე ვიყავი მართალი და არა თქვენო. ეს მისი უფლებაა, კონსტიტუციური და კონვენციური, რომ იჩივლოს, მაგრამ მე არ მაქვს არავითარი მოლოდინი, რომ მისი ეს ჩივილი წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეკითხვაზე, რა ვადებში შეიძლება, იქნას მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს მიერ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ინფორმირებული არ არის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეს დავა როგორ მიჰყავს.
„იქ შესაგებლისთვის არის ხოლმე რამდენიმე კვირა. მთავრობას შეუძლია, ვადის გაგრძელება მოითხოვოს. მე არ ვარ ინფორმირებული, იუსტიციის სამინისტროს ეს დავა როგორ მიჰყავს, მაგრამ პროცედურები ასეთია. არ ვიცი, ითხოვენ გაგრძელებას თუ არა. შემდეგ, მეორე მხარეს, ადვოკატს აქვს უფლება, რომ იმ ვადის გაგრძელება მოითხოვოს, რასაც სტრასბურგის სასამართლო უკვე შესაგებელზე შეპასუხებისთვის მისცემს, მაგრამ საქმე ეხება გირგვლიანს და საქმე ეხება გელაშვილს, რაც არის კონვენციის მესამე მუხლი. სტრასბურგის სასამართლო შედარებით სწრაფად იხილავს ხოლმე საქმეებს ისეთი მუხლების გარშემო, როგორიც არის მოკვდინება, წამება და არაადამიანური მოპყრობა. ამიტომ, რა თქმა უნდა, წელს არა, მაგრამ ალბათ, გაისიდან რაღაც შედეგს უნდა ველოდოთ. როგორც მოგახსენეთ, არ მგონია, რომ ეს შედეგი სააკაშვილისთვის სასიკეთო იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, „არის გარკვეული მოდა, რომ შევქმნათ ჩვენი ყოველდღიურობა ნებისმიერი ქმედებისგან, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი ჩაიდენს“ და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ეს პრაქტიკა დასრულდება.