თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლომ დღეს გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ქართული სასამართლო იყო მიუკერძოებელი
სტრასბურგის სასამართლომ დიახ, გადაწყვიტა, რომ ამ საქმეზე ქართული მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტებით, რომ მოსამართლეები და მართლმსაჯულება იყო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს არის მოცულობითი და მრავალკომპონენტიანი გადაწყვეტილება.
როგორც წულუკიანი ამბობს, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საჩივარი, როგორც „რუსთავი 2“-ის ნაწილში, ასევე სხვა მომჩივნების ნაწილში, ყველა სასარჩელო მოთხოვნა არის დაუშვებლად ცნობილი, გარდა რამდენიმესი და ეს რამდენიმე არის სწორედ სამართლიანი სასამართლოს ნაწილში რამდენიმე მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი.
„ეს არის რეალურად ოთხი მოსამართლე. პირველ ინსტანციაში მოსამართლე ურთმელიძე, სააპელაციო ინსტანციაში მოსამართლე გუჯაბიძე და უზენაესში ორი მოსამართლე გვენეტაძე და თოდუა. დანარჩენ ნაწილში ყველა მომჩივნის ყველა სასარჩელო მოთხოვნა სხვადასხვა მიზეზით უარყოფილ იქნა, ანუ დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებით განხილვაში არ შევიდა მოსამართლე. თუმცა, საკუთრების ნაწილში თქვა, რომ დაუსაბუთებელია ყარამანიშვილის და „ტვ საქართველოს“ საჩივარიო და თქვა ასეთი ფრაზა, რომ არავითარი საფუძვლიანი არგუმენტი საკუთრების უფლების დავის ნაწილში არ იკვეთება ამ საქმეზეო.რეალურად ეს დაუშვებლობის საფუძველია, მაგრამ არის ისეთი საფუძველი, რომელიც თავის თავში მაინც გულისხმობს გარკვეულად დავის არსებით ნაწილში გარკვეული ხარისხით შესვლას. ამ ოთხ მოსამართლესთან დაკავშირებით იყო თითქმის ყველა შემთხვევაში ერთსულოვანი გადაწყვეტილება, ანუ შვიდივე მოსამართლე ერთ აზრზე დარჩა. ესენი არიან მზია თოდუა და ნათია გუჯაბიძე. მე დღეს დილით ნინო გვენეტაძე ვთქვი, იქ ინიციალებით არის ნ.გ. ჩავთვალე, რომ ნინო გვენეტაძე იყო, მაგრამ ახლა დავაკორექტირებ, ერთხმად გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები იყვნენ მზია თოდუა და ნათია გუჯაბიძე და იქ კითხვის ნიშნები არავითარი არ არის. ასევე არ არის კითხვის ნიშნები ურთმელიძესთან და გვენეტაძესთან დაკავშირებით, უბრალოდ ამ ორ ნაწილში ერთმა მოსამართლემ გამოთქვა განსხვავებული აზრი. მაგალითად, ურთმელიძის შემთხვევაში ყველა ნაწილში დაეთანხმა სხვა მოსამართლეებს, რომ ეს მოსამართლე არ იყო მიკერძოებული, გარდა მეუღლის მიერ გაკეთებული კომენტარებისა და პოსტებისა სოციალურ ქსელში.
შესაბამისად, ეს არის თითქოს დეტალები, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც საბოლოო ჯამში გვათქმევინებს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დიახ, გადაწყვიტა დღეს, რომ ამ საქმეზე ქართული მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტებით, რომ მოსამართლეები და მართლმსაჯულება იყო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. მნიშვნელოვანია ალბათ არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც, რადგან როგორც თავად იმ ერთმა მოსამართლემ, ვინც უმცირესობაში დარჩა, თავის განსხვავებულ აზრში ამბობს, რომ ეს არ არის უბრალოდ საქმე, ეს არის საქმე, რომელიც იპყრობდა ყველა ტიპის პოლიტიკურ ინტერესს მრავალი თვის განმავლობაში ქვეყანაშიო, ეს მართლაც ასეა“,- აცხადებს წულუკიანი.