თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლომ დაგვიდგინა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ჩვენ დაგვიდგინა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი და საფუძვლიანი იყო, ეს გახლავთ კონვენციის მე-5 პირველი მუხლი,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად სარწმუნოა დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტის ერთ-ერთი არაოფიციალური თარგმანი, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 25 სექტემბრიდან მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც დაირღვა, რადგან მათი გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა.
„დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია მე-5 მე-3 მუხლზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლო ამოწმებს ხოლმე, მოსამართლემ რამდენად კარგად დაასაბუთა, როდესაც ამა თუ იმ პირს, აღკვეთის ღონისძიებით სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ან გაუგრძელა. აქ საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეს აქვს ვალდებულება, პირს წინასწარი პატიმრობა არა მხოლოდ კანონიერად და სწორად შეუფარდოს, რაც მე-5 პირველი მუხლის საკითხია და აქ, დარღვევა არ დადგინდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მერაბიშვილი უკანონო პატიმარი იქნებოდა, რაც ასე არ ჩაითვალა და არ არის, მაგრამ დადგინდა, რომ იმ ერთ გადაწყვეტილებაზე, რომლის თარიღიც თქვენ ახსენეთ, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა სწორად გაუგრძელა, მაგრამ სხდომაზე ზეპირად გამოაცხადა და წერილობით, ან ზეპირად უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ იყო ამის საჭიროება. იყო მოტივაციის პრობლემა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მაშინდელ ბრალდებულ მერაბიშვილს უკანონო ბრალდებულად არ აქცევს“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ფრაზა, რომელიც დოკუმენტში წერია, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, არც მიზანშეწონილი და არც აუცილებელი არ არის, საქართველოს მთავრობას ბატონი მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება მოეთხოვოს.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებაში ასევე წერია, რომ ბატონმა ოთარ კახიძემ, მსჯავრდებულის სახელით, მინისტრთა კომიტეტს ორი-სამჯერ მიმართა და მის გათავისუფლებას ითხოვდა, რომ დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ის კი არ ჩაწერილიყო, რომ მთავრობას არ მოეთხოვება, არამედ, პირიქით, ჩაწერილიყო, რომ მთავრობას მერაბიშვილის გათავისუფლება დაკისრებოდა.
„ამას სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ გამოტანილ მე-18 მუხლის საქმეებს ადარებდნენ და მთავრობის ერთ-ერთი დამტკიცების დროს, პარლამენტში, გიგა ბოკერია ხმამაღლა ყვიროდა, რომ აგერ ნახეთ, თუ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს მთავრობას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას არ მოსთხოვსო. ეს შეფასება რომ აბსოლუტურად მცდარი იყო, დღეს გაირკვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.