თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები იყო სამართლიანი და სანდო
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები იყო სამართლიანი და სანდო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ამტკიცებს იმას, რისი მოლოდინიც ჩვენს მხარეს ჰქონდა. ჩვენი 400-ზე მეტი გვერდის შესაგებლები, სხვადასხვა დროს წარდგენილი, მათ შორის, მესამე მხარის საპასუხოდ, სრულად იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ და დადგინდა, რომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები იყო სამართლიანი და სანდო და ეს არ დადგენილა ზოგადი მსჯელობის შედეგად. თქვენ ნახავთ, რომ თითოეული მოსამართლის, მოსამართლის ოჯახის წევრების ქცევებიც კი იქნა გაანალიზებული და შეფასებული, ვიდრე ევროპული სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ დიახ, საქართველოში ამ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულება განხორციელდა, რომ საკუთრების უფლება არის და მასთან დაკავშირებული პრეტენზიები ევროპულ დონეზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. რაც მთავარია, გამოხატვის თავისუფლების ნაწილში სასამართლომ არსებითად არც კი განიხილა დავა და ჩათვალა ის დაუშვებლად“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.