თეა წულუკიანი - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის 14 წლის ქვემოთ დაწევა არ იგეგმება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.
იუსტიციის მინისტრი საბჭოს ანგარიშს წარუდგენს. „ეს არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, რომელსაც მატერიალურ კოდექსს უწოდებენ. წარვადგენ საბჭოს წინაშე ანგარიშს, თუ რა პროცესი გაიარა ცვლილებებმა. ჩემი სურვილი იქნებოდა, უკვე 4-წლიანი მუშაობის პროცედურა ამ საგაზაფხულო სესიაზე დავხუროთ, რადგან რამდენიმე ასეულ მუხლში უნდა შევიდეს ცვლილება. 90-იან წლების ტექსტი თანამედროვეობის შესაბამისი უნდა იყოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, არასრულწლოვანი ჩადენილი დანაშაულის გამო დაუსჯელი ვერ დარჩება, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზეც ვიმსჯელებთ. რა თქმა უნდა, დაუსჯელი ვერ დარჩება 14 წლის და უფრო მეტი ასაკის გოგონების თუ ბიჭების, არასრულწლოვნების დანაშაული, თუმცა აუცილებელია ამ კოდექსში შევიდეს ცვლილება, რაც მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციელებს საქმეს გაუადვილებს“, – განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება 14 წლის ასაკამდე არასრულწლოვნების დანაშაულებსა და მის პრევენციას, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ეს საკითხი ხვალ იუსტიციის სამინისტროში დაგეგმილ სხდომაზე განიხილება.
“ბოლო დროს გახშირებული ქურდობის გამო, ეს არასრულწლოვნები მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდნენ. ეს კოდექსი მათ არ ეხებათ, რადგან არ იგეგმება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 14 წლის ქვემოთ დავწიოთ. 14 წლის ასაკს ქვევით ვინც ჩადის დანაშაულს, მათ არა პოლიციური და პენიტენციური, არამედ სხვა ტიპის პასუხი სჭირდებათ. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და საკითხი ხვალ სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილება,რომელიც იუსტიციის სამინისტროში, ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით ჩატარდება “, – განაცხადა თეა წულუკიანმა.