სიცხიანი პატიმარი ციხეში ვერ შევა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მთელ პენიტენციურ სისტემაში არ არსებობს კორონავირუსთან დაკავშირებული არც ერთი საეჭვო შემთხვევა.
„მიმღებ ციხეებში გახსნილია პერიმეტრის გარეთ დროებითი შენობები, სადაც ახალ პატიმრებს ვამოწმებთ. ყველა ახალშემოსული პატიმარი თავსდება ცალკე, თუკი არ არის საეჭვო შემთხვევა პირველი სამი კვირის განმავლობაში ძველ პატიმრებში არ ირევა; თუკი არის საეჭვო, სიცხიანი პატიმარი ციხეში ვერ შედის და მიემართება პირდაპირ სამოქალაქო კლინიკაში“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ასევე სპეციალური განცხადება გააკეთა პატიმარი ქალებისთვის, რომლებსაც გარეთ ჰყავთ შვილები.
„მინდა მივმართო დედებს, დედებს, რომლებიც არიან საპატიმროებში, მთავარია თქვენ იზრუნოთ ჩვენთან ერთად საკუთარ ჯანმრთელობაზე, საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე, თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნავს სახელმწიფო. მთავარი საზრუნავი არის ის, რომ გარეთ ვირუსი არ გავრცელდეს და ყველა ვიყოთ მკაცრი რეჟიმის პირობებში, რომ ერთმანეთს არ გადავდოთ რაიმე, რაც შემდეგ შეიძლება იყოს კორონავირუსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა პენიტენციურ სისტემაში გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა.