თეა წულუკიანი - კითხვის ნიშნებს წარმოშობს, რატომ მოხდა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა კლიენტის ანგარიშის ძარცვა დაიწყო მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაზე
თეა წულუკიანი - კითხვის ნიშნებს წარმოშობს, რატომ მოხდა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა კლიენტის ანგარიშის ძარცვა დაიწყო მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაზე

ფაქტია, რომ შვეიცარიულ ბანკთან დავა ყველაფერს ჰგავს, გარდა სამართლებრივი დავისა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკს შორის დავის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე ბევრ კითხვის ნიშანსა და ეჭვს ბადებს.

ამასთან, წულუკიანის განცხადებით, დიდი ძალა იბრძვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ჰგონიათ, რომ ზეწოლით აიძულებენ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯი გადადგას.

„დიდ კითხვის ნიშნებს წარმოშობს, რატომ არის დაკავებული ბანკი საკუთარი თავის დესტრუქციით და მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით. რატომ არ აშუქებს სათანადოდ შვეიცარიული მედია ამ დავას და რატომ მოხდა, რომ რეალურად, ბანკმა თავისი კლიენტის ანგარიშის ძარცვა დაიწყო მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაზე თუნდაც იმიტომ, რომ 7 ნოემბერი მოხდა მათი მმართველობის დროს. თუნდაც იმიტომ, რომ ყველამ დაინახა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა, რომ ის ხელისუფლება არ იყო მოწოდებული სამშობლოს ინტერესისთვის და საკუთარ დანაშაულებრივ ინტერესს ემსახურებოდა.

როგორც ჩანს, ამ დროიდან უკვე ბანკმა დაიწყო თავისი მაშინდელი კლიენტის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენა. უამრავი კითხვაა, სია გრძელია კითხვებისა და ეჭვების, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს სამართლებრივ დავას არ ჰგავს. რეალობა არის ის, რომ ძალიან დიდი მანქანა, დიდი ძალა იბრძვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჰგონიათ, ამ ზეწოლით აიძულებენ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯი გადადგას. ამიტომ არავითარი თანხა არ იქნება ის, რაც ბიძინა ივანიშვილს აიძულებს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ გადადგას ნაბიჯები. მას სიცოცხლის დაკარგვის რისკი როდესაც ჰქონდა 2011-2012 წლებში, მაშინ არ გადაუდგამს ნაბიჯი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასე რომ, ეს ფუჭი მცდელობაა. მას გამძლეობას ვუსურვებ. რასაკვირველია, ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდებით ადვოკატების განცხადებებს, რომლებიც საზოგადოებას სისტემატურად აყენებენ საქმის კურსში ამ დავასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.