თეა წულუკიანი - შსს მთავრობასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ინაუგურაცია გაიმართოს ისე, როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩავატაროთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოსა და ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 16 დეკემბერს თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტი ნიშნავს, რომ სანქცირებულია აქცია თუ არასანქცირებული, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება.
„ყოველთვის სჯობს, რომ შიდა კანონი იყოს დაცული, მაგრამ თუ იქნება არასანქცირებული შეკრება, მაშინ მიუხედავად ამ ფორმისა, გამოხატვის თავისუფლება ამ შემთხვევაშიც არის მთავარი. მას აქვს ზღვარი და ზღვარი გადის იქ, რომ არ უნდა დაირღვეს საზოგადოებრივი წესრიგი. ეს აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი. ამას ითხოვს ასევე ევროპული სტანდარტი. ჩვენ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ექსცესები არ იყოს დაშვებული და ისეთი ინაუგურაცია ჩავატაროთ, როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს და ქვეყანას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება. ამასთან, ამავე დღეს თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაც არის დაგეგმილი.