თეა წულუკიანი - შეწყალების უფლება ულიმიტო ვერ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ სამწუხარო შედეგებამდე მივალთ, როდესაც მარიამობისთვის მკვლელობის მუხლით სამი ადამიანი იყო შეწყალებული
შეწყალების უფლება ულიმიტო და უსაზღვრო ვერ იქნება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ სამწუხარო შედეგებამდე მივალთ, როგორამდეც მარიამობის შეწყალებაზე მივედით, როდესაც მკვლელობის მუხლით სამი ადამიანი იქნა შეწყალებული, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„დღეს, 2019 წელს, რა თქმა უნდა, არ ვცხოვრობთ ასლან აბაშიძის ბათუმში, რომ პრეზიდენტმა პატიმარი შეიწყალოს და იუსტიციის სამინისტრომ, როგორც მაშინ მოხდა, ასანიძეს ციხის კარი არ გაუღოს. როდესაც ჩვენ პრეზიდენტის შეწყალების აქტს ვღებულობთ, რა თქმა უნდა, ვაღებთ ციხის კარს“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ის, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით რეფორმა საჭიროა, საქართველოს პრეზიდენტთან პირადად მას, პრეზიდენტის ინიციატივით, რამდენჯერმე ჰქონდა საუბარი.
„არა მხოლოდ პარლამენტის ტრიბუნიდან, არამედ ჩვენთან საუბარშიც, მისი მხრიდან პირველი დღიდანვე ისმოდა, რომ ეს სისტემა რეფორმას საჭიროებს. ალბათ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ხარვეზები არის. პროცედურა არც თუ ისე გამჭვირვალეა. პრეზიდენტი თვლიდა, რომ კომისიის შემადგენლობა გადასახედი იყო. მან ამის შესახებ პარლამენტშიც განაცხადა და შეწყალების ნამდვილად ქმედითი კომისიაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილმა მარგველაშვილის დროინდელი კომისია იანვარში გააუქმა და მას შემდეგ კომისია არ არსებობს“, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმამდე, ის ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების გათავისუფლებაზე უფრო იზრუნებდა, ვიდრე იმათზე, ვინც სიცოცხლე მოსპო და სასჯელის შესაბამისი ხანგრძლივობა არ მოუხდია.