თეა წულუკიანი - შეტევა დასავლურ ინსტიტუტებზე სააკაშვილის რიტორიკაა, მაგრამ რასაც თავად ვერ ახმოვანებს, ავალებს შალვა ნათელაშვილს
შეტევა დასავლურ ინსტიტუტებსა და თანამდებობის პირებზე სააკაშვილის სტილი და რიტორიკაა, მაგრამ ის, რასაც თავად ვერ ახმოვანებს, როგორც ჩანს, ავალებს და ხმოვანდება ნათელაშვილის მიერ, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტისადმი მიმართავს, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა.
„ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი იმ სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრებისა, რომლებმაც ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ეს შეტევა დასავლურ ინსტიტუტებსა და თანამდებობის პირებზე სააკაშვილის სტილი და რიტორიკაა, მაგრამ ის, რასაც თავად ვერ ახმოვანებს, როგორც ჩანს, ავალებს და ხმოვანდება ნათელაშვილის მიერ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, უცხოელებისგანაც მსმენია, რომ ნათელაშვილი არასდროს აღიქმებოდა სერიოზულ ფიგურად და ვფიქრობ, ისინიც რწმუნდებიან, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ იდეების გამხმოვანებელია, როგორიც სააკაშვილის ფსევდო ოპოზიციაში ყოფნის დროს იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტისადმი მიმართვა გაავრცელა. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, „კენტის განცხადება ნიკა მელიაზე, თითქოს მან მოიხსნა ელექტროსამაჯური, მოწყვეტილია ობიექტურობას და არის რეჟიმის წაქეზება, განაგრძოს რეპრესიები, რომლის მსხვერპლი უკვე გახდა არაერთი პოლიტიკოსი და აქტივისტი“.
„ძვირფასო კენტ, თქვენ საჩუქარი გაუკეთეთ ივანიშვილს, როდესაც გამოაცხადეთ ის პროდასავლური კურსის მიმდევრად, საქართველოში პუტინის სცენარით ჩატარებული არჩევნები მიიჩნიეთ სამართლიანად, ხოლო პოლიტიკური პატიმრები გამოაცხადეთ კანონის დამრღვევებად“, – წერს ნათელაშვილი მიმართავში.