თეა წულუკიანი - შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც, ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულო ზოგიერთებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი
შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ, ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულო ზოგიერთებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება, რათა დადგინდეს, რა ფორმით არის შესაძლებელი აღნიშნული შენობის გადარჩენა.
„რაც შეეხება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს, ამაზე მე არ დავკონკრეტდები დიდხანს, რადგან არ ვთვლი საჭიროდ იმ ადამიანების პასუხს, რომლებსაც მაშინ, როდესაც მე ვიდექი ქუჩაში, რუპორით ხელში, კულტურის სამინისტოს კიბეებზე და ვყვიროდი, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი ცუდ დღეშია-მეთქი, მაშინ ისხდნენ კაბინეტებში, თანამშრომლობდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ჭამდნენ ბატი-ბუტს ალბათ, არ ვიცი, რას. მათთან პოლემიკაში არ შევალ, მოკლედ ვიტყვი – დიახ, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ, ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულო ზოგიერთებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი. ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება, კონსტრუქტორების მიერ იმისათვის, რომ დავინახოთ, რა ფორმით არის ამ კოლაფსის პირობებში მყოფი შენობის გადარჩენა შესაძლებელი, და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.
ჩვენ ხელოვნების სასახლისთვის რამდენიმე კვირის წინ შევიძინეთ ახალი შენობა – მათთვის საპასუხოდ, ვინც ამბობს, რომ ჩვენ თურმე მუზეუმებს ვანგრევთ. ისე კარგად ვანგრევთ, რომ შენობაც ვიყიდეთ და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ის კოლექციები, რომელიც რომ არა ამ შენობის ყიდვა, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებოდა, იქნება ამ შენობაში განთავსებული. ალბათ, ამ მუზეუმის ხელმძღვანელის, ბატონ გიორგი კალანდიას პროფესიონალიზმში არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ექსპონატები იქნება სათანადოდ დაცული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, „ეროვნული მუზეუმის მიერ ყველა სხვა მუზეუმის შესრუტვის პოლიტიკამ არ გაამართლა“.
„მუზეუმები ამოუწურავი თემაა. მიუხედავად ამისა, ღიად ვაცხადებ, რომ იმ დიდმა გაერთიანებამ, ვითარცა საბჭოთა კავშირმა, არ გაამართლა. არ გაამართლა ეროვნული მუზეუმის მიერ ყველა სხვა მუზეუმის შესრუტვის პოლიტიკამ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ჩვენ მუზეუმებს უნდა მივანიჭოთ იმ ხარისხის ავტონომია, როგორიც არის მაგალითად, სპორტის მუზეუმი, როგორიც არის ყველაზე დიდი, ანუ მნიშვნელოვანი მუზეუმი საქართველოში – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, და სხვა მუზეუმები, ის ავტონომია და თუ საჭიროა დამოუკიდებლობაც, რომელსაც ეს მუზეუმები განვითარებისთვის საჭიროებენ. მე ფოტომასალაც მაქვს ურწმუნოებისთვის წამოღებული, თუ ასეთები არსებობენ ამ დარბაზში, თუ ეს გახდება საჭირო, გაჩვენოთ როგორ იმართებოდა ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთი და იგივე ხელმძღვანელთა მიერ ეს გაერთიანება, რომელიც რეალურად არის ზოგ შემთხვევაში ძალიან ლამაზი ფასადი. ამას არც ევროპულ სტანდარტთან აქვს არავითარი კავშირი და არც სხვა რაიმე ტიპის სამუზეუმო სტანდარტთან. ჩვენ დღედღეზე ველოდებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას. აუდიტის შემოწმება დასრულდა ეროვნულ მუზეუმში და რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ იმ რეკომენდაციებით, რომლებიც იქ იქნება, რათა გავაუმჯობესოთ ეროვნული მუზეუმის მმართველობა და იქ დავნერგოთ კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.