თეა წულუკიანი სერგი კაპანაძეს - სახელმწიფოს ადამიანის უფლებების მხრივ თქვენი ხელისუფლების სისულელეები ორი მილიონი ევრო დაუჯდა
სერგი კაპანაძეს ვურჩევდი, როდესაც საუბრობს, იუსტიციის სამინისტროს მიერ წაგებული შრომითი დავების შედეგად რა ფული დახარჯა ხაზინამ, იანგარიშეთ ის, რომ სტრასბურგში თქვენს დროს ჩადენილი დანაშაულებისა და დარღვევების გამო, ხაზინამ ორი მილიონი ევრო გადაიხადა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგი კაპანაძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
სერგი კაპანაძემ იუსტიციის მინისტრს მიმართა – თქვენ მაინცდამაინც კანონის დიდი პატივისცემით არ გამოირჩევით, თამაზ ახობაძის საქმემაც კარგად აჩვენა ეს. იმასთან შედარებით, რა მოსატანია ეს, მაგრამ მაინც მინდა, გკითხოთ. ერთი თვის წინ რომ წერილი გამოგიგზავნეთ და გთხოვეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თქვენს სამინისტროს და თქვენს სისტემაში მყოფ სსიპ-ებს რამდენი თანამშრომელი ჰყავდათ უკანონოდ გაშვებული და რამდენი დავა მიმდინარეობს სასამართლოში, რამდენი წააგეთ აქედან, რამდენი ლარის ოდენობის ჯარიმა დაგაკისრათ უწყებებს სასამართლომ, ერთი თვის წინ მოგწერეთ ეს კითხვა და პასუხი არ მიმიღია. რადგანაც დაარღვიეთ კანონი და არ მომაწოდეთ პასუხი, იქნებ, ახლა მაინც გამცეთ კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე.
„ბატონმა სერგი კაპანაძემ – ერთი თვის წინ წერილი გამოგიგზავნეთო დავებზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წერილს პასუხს გავცემთ. ერთადერთი, რაც ზეპირად ვიცი და მახსოვს, 13 სსიპ-ის მონაცემები ამ წუთში ხელთ არ მაქვს, მაგრამ სტატისტიკა მუშავდება და მოგეწოდებათ. რაც შეეხება საკუთრივ სამინისტროს ჩვენ შრომითი დავები არამცთუ არ მოგვიგია ან არ წაგვიგია, არ გვქონია ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ რომელ სსიპ-ებშიც გვქონდა, იმ სსიპ-ების ინფორმაციას, მოგაწვდით, რა თქმა უნდა, თავიანთი თანხებით. სერგი კაპანაძეს ვურჩევდი, როდესაც საუბრობს, იუსტიციის სამინისტროს მიერ წაგებული შრომითი დავების შედეგად რა ფული დახარჯა ხაზინამ, ეს კი არ იანგარიშოს, თქვენ იანგარიშეთ ის, რომ სტრასბურგში თქვენს დროს ჩადენილი დანაშაულებისა და დარღვევების გამო, ხაზინამ ორი მილიონი ევრო გადაიხადა. აი, ეს არის თქვენი შეცდომების ნუსხა. ორი მილიონი ევრო დაგვიჯდა თქვენი, ბოდიში გამოთქმისთვის და სისულელეები ადამიანის უფლებების სფეროში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.