ქართული დელეგაცია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის მიზანი სერბეთში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრის ექსპორტი სერბეთში საქართველოდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობისა და დახმარების შედეგად განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი სერბეთის პრემიერ-მინისტრ ანა ბრნაბიჩს შეხვდა. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა მას სერბეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა სერბეთსა და საქართველოს შორის ამჟამინდელი ურთიერთობების გამო და მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებებისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება სერბეთის მხრიდან საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარებას და მზად არის, თანამშრომლობა მომავალშიც გააგრძელოს.
ასევე თეა წულუკიანმა შეხვედრა გამართა სერბეთის საჯარო ადმინისტრირებისა და თვითმმართველობის მინისტრ ბრანკო რუჟიჩთან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სერვისების მიწოდების ქართული მოდელის ექსპორტით სერბეთი რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. საქართველოსთან ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ქართული საზოგადოებრივი ცენტრის ანალოგი, რომელიც მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისებს სწრაფად და კომფორტულად მიაწვდის. პირველი საზოგადოებრივი ცენტრი სერბეთში ქალაქ ლაზარევიჩის მუნიციპალიტეტში გაიხსნება და მას, სიმბოლურად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრთან ერთად გახსნის.