თეა წულუკიანი სავიზო შეზღუდვებზე - მათი მიზანია, ერი დარჩეს დაუცველი და ხელისუფლებაში მოვიდეს ის, ვინც ზის „ვივამედში“, რომელსაც როცა ეტყვიან, ადექიო, ადგება, დაწექიო, დაწვება, იფორთხეო, იფორთხებს
მათი მიზანია, ერი დარჩეს დაუცველი და ხელისუფლებაში მოვიდეს ის, ვინც ზის „ვივამედში“, რომელსაც როცა ეტყვიან, ადექიო, ადგება, დაწექიო, დაწვება, იფორთხეო, იფორთხებს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სავიზო შეზღუდვების გამოცხადების შეფასებისას აღნიშნა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, არ ჰგონია, რომ „ის ერი, რომელმაც ამდენი რამ გამოიარა, დაშორდება თავის მთავრობას, რომელიც მას მსახურად უდგას და საკუთარ თავზე იღებს დარტყმებს“.
„დღეს ვერ დაადებთ ხელს ვერცერთ მმართველს ვერც მთავრობაში, ვერც საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელსაც თვითმიზნად ჰქონდეს თვითგვემა. თქვენ თუ მიხვალთ არჩევნებზე და არ მოგვცემთ ხმას, არ მგონია, ამის გამო ხელისუფლებაში ვინმემ ტირილი დაიწყოს. ჩვენ არ ვართ ჩაბღაუჭებული ხელისუფლებას. თუ აგვირჩევთ, ვიქნებით, თუ არ აგვირჩევთ, არ ვიქნებით. ეს არის ანაბანა იმ დემოკრატიის, რომელზეც გვითხრეს, არ გაქვთო. მათი მთავარი მიზანია, ერი დარჩეს დაუცველი და ხელისუფლებაში მოვიდეს ის, ვინც ზის „ვივამედში“ და რომელსაც როცა ეტყვიან, ადექიო – ადგება, დაწექიო – დაწვება, იფორთხეო – იფორთხებს, იძახებს ბევრ სისულელეს და გააკეთებს სხვის საქმეს. არ მგონია, რომ ის ერი, რომელმაც ამდენი რამ გამოიარა, დაშორდება თავის მთავრობას, რომელიც მას მსახურად უდგას და საკუთარ თავზე იღებს დარტყმებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.