თეა წულუკიანი - საქართველოს პრემიერის მიერ დღეს გაცხადებული ცვლილებები ბუნებრივი ნაწილია მმართველობის რეფორმის, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის გაპრემიერების დღიდან, მასთან ერთად, ვაქციეთ პრიორიტეტად
ცვლილებები, რომლებიც დღეს გააცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, არის ბუნებრივი ნაწილი იმ მმართველობის რეფორმის, რომელსაც ოთხპუნქტიანი სამთავრობო გეგმა ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
თეა წულუკიანის განცხადებით, მმართველობის რეფორმა, რომლის ნაწილიც დღეს განხორციელებული ცვლილებებია, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნის დღიდან იქცა პრიორიტეტად.
„ცვლილებები, რაც დღეს გააცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, არის ბუნებრივი ნაწილი იმ მმართველობის რეფორმის, რომელიც ოთხპუნქტიანი სამთავრობო გეგმის ნაწილია და რომელზეც, მე ვიტყოდი, როგორც გუნდის წევრი, ჩვენ კვირიკაშვილის გაპრემიერების დღიდან ვაქციეთ მასთან ერთად პრიორიტეტად და მხარს ვუჭერდით მის ამ მისწრაფებას, რომ თითოეული სამინისტროს შიგნით მომხდარიყო ცვლილებები, შიგნით თითოეული სტრუქტურის მმართველობითი სისტემა გამხდარიყო უფრო მოქნილი, ეფექტური და რეალურად ნაკლები ხალხით გვეკეთებინა უფრო მეტი საქმე. ამას სხვადასხვა ქვეყანაში პატარა მთავრობის იდეასაც უწოდებენ, როდესაც ბიუროკრატიული სისტემა არის მცირე და აკეთებს იმ საქმეს, რაც უნდა გააკეთოს, ვიდრე ბევრი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა უწევდეს მოქალაქეს, რათა მიიღოს ის, რაც მას ეკუთვნის, იქნება ეს სერვისი თუ რაიმე კეთილდღეობა, რისი უფლებაც მათ აქვთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.