თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავრობის მიერ 2007 წელს გამოჩენილი სისუსტის გაძლიერება მოუწია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2015 წლიდან საქართველოს მთავრობის მიერ 2007 წელს გამოჩენილი სისუსტის გაძლიერება მოუწია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
მისი თქმით, 2007 წელს საქართველოს მთავრობა დავობდა, რომ საქმეს ოთხი ათასზე მეტი დაზარალებული ჰყავდა, თუმცა სასამართლოს წინაშე მხოლოდ 118 დაზარალებულის ვინაობა ჰქონდა წარდგენილი.
„უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლიდან იუსტიციის სამინისტროს მოუწია საქართველოს მთავრობის მიერ 2007 წელს გამოჩენილი, მე ასე დავარქმევდი, სისუსტის გაძლიერება, რადგან რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ეს სისუსტე გამოიყენა – აღმოჩნდა, რომ 2007 წელს საქართველოს მთავრობას, რომელიც მართალია დავობდა, რომ ოთხი ათასზე მეტი დაზარალებული ჰყავდა ამ საქმეს, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მხოლოდ 118 დაზარალებულის ვინაობა ჰქონდა წარდგენილი. 2015 წელს ისე, რომ მანამდე ეს საკითხი არ დაუყენებია, რუსეთის ფედერაციამ აღნიშნული სისუსტე ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა და მრავალი წლის შემდეგ მოუწოდა სტრასბურგის სასამართლოს, დაინტერესებულიყო მსხვერპლთა რეალური ვინაობით“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს მოუწია 2015 წლიდან დაკავშირებოდა თითოეულ დაზარალებულს, ვინც კი მისთვის ცნობილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროში რეალური მონაცემები აღრიცხული და დაარქივებული არ ყოფილა.
„არაერთმა რეალურმა მსხვერპლმა უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე, რადგან სურდათ რუსეთში ცხოვრება და იქ დარჩენა, ვინაიდან ამასობაში იქ იყვნენ დაბრუნებული. არაერთ მათგანს ჰქონდა მიღებული საქართველოს მოქალაქეობის ნაცვლად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. შესაბამისად, ჩვენ მაინც მოვახერხეთ, რომ მრავალი წლის შემდეგ 1795 პირის მონაცემი წარგვედგინა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე და დღეს ვხედავთ, რომ 10 მილიონი ევრო რუსეთის ფედერაციამ ჩვენს სახელმწიფოს უნდა ჩაურიცხოს, როგორც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, სულ მცირე, 1500 საქართველოს მოქალაქისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.
„მინდა, თითოეულ იუსტიციელს მადლობა ვუთხრა იმ ტიტანური შრომისთვის, რომელიც გულისხმობდა 1 800-მდე დაზარალებულის ძებნას, მათთან კონტაქტს, მონაცემების აღრიცხვას მრავალი წლის შემდეგ, რადგან დარღვევა მომხდარი იყო 2006 წელს, ჩვენ კი, მათ ვეძებდით 2015 წელს. მინდა, ასევე მადლობა ვუთხრა, რა თქმა უნდა, სასამართლოს, რადგან ისინი ცდილობდნენ, ჩვენსა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქცია ეკისრათ. დღეს მიმაჩნია, რომ მოცემულ პირობებში, საქართველოს მთვარობის პოზიციები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით, ერთი ხმის წინააღმდეგ, საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე.