თეა წულუკიანი - სანამ მე ვიქნები უწყების ხელმძღვანელი, პრობაციონერებს, რომლებიც რეჟიმს არ არღვევდნენ, პირობითი სასჯელი მოეხსნებათ
ასობით პრობაციონერს პირობითი სასჯელი მოეხსნა, ხვალ ასევე 200-ზე მეტის საქმე განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა ჟურნალისტებს კითხვაზე, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე ბევრ პრობაციონერს მოეხსნა სტატუსი და ხომ არ უკავშირდებოდა ეს წინასაარჩევნო გარიგებას.
„ძალიან დიდი ხანია, ველოდი, რომ ვინმე ამ კითხვას დამისვამდა. რა სიახლეები შევიტანე სასჯელაღსრულების ყოფილ უწყებაში, რომელიც პენიტენციური უწყებისა და პრობაციის სსიპ-ის სახით ჩამოყალიბდა, მალე მექნება საქმიანობის ანგარიში. გეტყვით ძალიან ბევრ სიახლეს. ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის ის, რომ არაერთი, მე ვიტყოდი, ასობით პრობაციონერის გაჭიანურებული საქმე ჩვენ დავასრულეთ, როდესაც სასჯელმა თავისი ფუნქცია შეასრულა. ქმედითი გავხადეთ კომისიები – მაგალითად, ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, ხვალ იქნება კიდევ სხდომა. ყოველ სხდომაზე, რომელიც მანამდე თვეში ერთხელ ტარდებოდა, გავეცი ინსტრუქცია, რომ ორი სამინისტროს შეერთების შემდეგ თვეში რამდენიმე სხდომა ჩაეტარებინათ და თითო სხდომაზე განეხილათ თითოეული პრობაციონერის საქმე. თუკი სასჯელი აღარ ასრულებს თავის ფუნქციას, თუკი ნახევარი არის სასჯელის გასული და პრობაციონერი კარგად იქცევა, არ აქვს რეჟიმის დარღვევა და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენ ის უნდა ვატაროთ სააგენტოში, ჩვენი თვითმიზანი არ არის ე.წ. თითის დადება.
ჩვენი მიზანი არის ის, რომ სასჯელმა შეასრულოს თავის ფუნქცია. ასე რომ, ასობით პრობაციონერს მოხსნილი აქვს პირობითი სასჯელი, ხვალ 200-ზე მეტი საქმე ასევე იქნება განხილული და იმედი მაქვს, მე მათ ამას ვუსურვებ, რომ 200-ვე პრობაციონერს ხვალ მოეხსნას პირობითი სასჯელი, ვნახოთ რას გადაწყვეტს კომისია. მაგრამ ჩემი მიდგომა არის ახლებური, ჩემი მიდგომა არის ის, რომ სასჯელი არ უნდა იყოს მისჯილი სასჯელისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანი აცხადებს, რომ სასჯელს აქვს გამოსწორების ფუნქცია და როდესაც ორი სამინისტრო შეერთდა, იყვნენ ხანდაზმული პრობაციონერები, რომლებიც არაერთი წელია, ყოველ კვირას დადიოდნენ და ადებდნენ თითს.
„შესაბამისად, მიხარია რომ კომისიამ ჩათვალა, რომ ასეთმა ადამიანებმა შეასრულეს და მოიხადეს კანონის წინაშე თავიანთი ვალი, სასჯელის ნახევარი ქონდათ გასული და მოეხსნათ, ეს პოლიტიკა გაგრძელდება.
მთავარია, პრობაციონერები იქცეოდნენ კარგად და არ არღვევდნენ რეჟიმს. ეს ხდება დღესაც, მოხდება ხვალაც და მოხდება იანვრის ბოლოსაც, თებერვალში, მარტშიც და მე ვფიქრობ, სანამ მე ვიქნები ამ უწყების ხელმძღვანელი, იქნება. მზად ვარ, ხვალ რომ კომისია დასრულდება, მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, მოეხსნება 200-მდე პრობაციონერს სასჯელი ხვალაც თუ არა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.