თეა წულუკიანი - სამუშაო ჯგუფის სხდომებზე გამოიკვეთა, რომ პრობლემა არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში უკეთ გამოყენება და არა, თავად კოდექსი
თეა წულუკიანი - სამუშაო ჯგუფის სხდომებზე გამოიკვეთა, რომ პრობლემა არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში უკეთ გამოყენება და არა, თავად კოდექსი

არასრულწლოვნების საკითხზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის სხდომების შედეგად გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი კი არ არის პრობლემა, ან მისი რომელიმე ნორმა, არამედ ამ კოდექსის პრაქტიკაში უკეთესად გამოყენება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მართლმსაჯულების კოდექსის ძალიან კარგად გამოყენება არის შესაძლებელი, თუ შესაბამის უწყებებში ყველა პრაქტიკოსი კარგად იქნება მომზადებული.

„სამუშაო ჯგუფის მუშაობას უძღვება მთავრობის ადმინისტრაცია და მისი ხელმძღვანელი. ჩვენ ვართ ჩართული და ამ სხდომების შედეგად გამოიკვეთა, რომ კოდექსი კი არ არის პრობლემა ან მისი რომელიმე ნორმა, არამედ ამ კოდექსის პრაქტიკაში უკეთესად გამოყენება. თუ ჩვენ პრაქტიკოსებს უნდა კიდევ შევუზღუდოთ არეალი და ყველაფერი ჩავუწეროთ კოდექსში, ამისთვისაც მზად ვართ, თუმცა თუ პროფესიონალურად ყველა პრაქტიკოსი, იქნება ეს სასამართლოში, პროკურატურაში, სოციალურ სააგენტოში, განათლების სისტემაში, უკეთესად მომზადებული იქნება, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების კოდექსის ძალიან კარგად გამოყენება შეიძლება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით. მუშაობა მიმდინარეობს და ვნახავთ როგორ დასრულდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.