თეა წულუკიანი - სამთავრობო ცვლილებების ერთადერთი კრიტერიუმი იყო - სადაც ამ ეტაპზე შეიძლებოდა გაერთიანება და შემცირება, ყველა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამ მიზნით
სამთავრობო ცვლილებების ერთადერთი კრიტერიუმი იყო – სადაც ამ ეტაპზე შეიძლებოდა გაერთიანება და შემცირება, ყველა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამ მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
პირველი არხის ანალიტიკოსის, ბაქარ ბერეკაშვილის კითხვაზე, რა იყო ის კონცეპტუალური ჩარჩო, რომლითაც იხელმძღვანელა მთავრობამ ინსტიტუციონალური, ან სტრუქტურული ცვლილებების დროს, რატომ დადგა რომელიმე კონკრეტული სამინისტროს გაუქმების საკითხი, როდესაც საუბარია კომპონენტების გადანაწილებაზე, რა რაციონალური ჩარჩოთი, რა მეთოდით ისარგებლა ხელისუფლებამ როდესაც ამა თუ იმ სამინისტროს ფუნქციები გადაუნაწილა სამინისტროებს, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კრიტერიუმი ერთადერთი იყო.
„მე რამდენადაც მომსწრე ვარ ამ პროცესის შიგნიდან, თქვენ კითხვას ვუპასუხებდი ასე – რომ ერთადერთი კრიტერიუმი, როგორც შევატყვე, ვნახე და გავაანალიზე, იყო ის, რომ სადაც კი ამ ეტაპზე შეიძლებოდა გაერთიანება და შემცირება, ყველა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამ მიზნით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
კითხვაზე, გაიმართა თუ რა კონსულტაციები საკითხზე, წულუკიანმა განაცხადა, რომ კონსულტაციები იყო, მაგრამ რადგან მის სამინისტროს არ ეხებოდა ცვლილება, კონსულტაციებში მას დამკვირვებლის როლი უფრო ჰქონდა, ვიდრე უშუალოდ მონაწილის.
„აი ამ როლიდან მე ვნახე, რომ პრემიერ-მინისტრს მიჰყავს მისი საქმიანობა პირველივე დღიდან გაცხადებული პრიორიტეტის მიმართულებით, რომ მთავრობაში უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები და სისტემა უნდა შემცირდეს, მას “, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.