თეა წულუკიანი - სამინისტროების გაერთიანება არ ნიშნავს თანამშრომლების სახლში გაშვებას
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ორი სამინისტროს შერწყმის შემდეგ შესაძლო ოპტიმიზაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, უწყებების გაერთიანება არ გულისხმობს ხალხის სამსახურიდან გათავისუფლებას.
„ამჟამად მიმდინარეობს ძალიან ფაქიზი და მნიშვნელოვანი პროცესი, სასჯელაღსრულების და იუსტიციის სამინისტროების შერწყმა-გაერთიანება. უკვე შევხვდი თითქმის ყველა ხელმძღვანელ რგოლს, დარჩა ორი-სამი სამსახური, რომელთანაც შეხვედრებს კვირის ბოლომდე დავასრულებ. მე მათ ვუთხარი და საჯაროდაც ვთქვი პარლამენტის საპატიო ტრიბუნიდან, რომ ეს გაერთიანება ჩემთვის არ ნიშნავს საკადრო ცვლილებებსა და ხალხის გაშვებას. პირიქით, ვფიქრობ, ორივე სამინისტროში არის ძალიან მდიდარი და მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ოპტიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ყველას იგივე ან ახალი პოზიცია უნდა ჰქონდეს, რათა ქვეყნისთვის საქმე კიდევ უფრო აქტიურად აკეთოს“, -განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ თუ მაინც მოხდება რაიმე ტიპის ოპტიმიზაცია, ეს იქნება მინიმალური მასშტაბის და თანამშრომელთა ნების შესაბამისი.
„როდესაც გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღებოდა, მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, ჩემთვის მთავარია დაიზოგოს ფინანსური რესურსი და ნაკლები რესურსით უფრო მეტი საქმე გაკეთდეს. სასჯელაღსრულების სისტემაში ბევრი საქმე დარჩა, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რათა 2020 წლისთვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის და ევროპული ციხე მივიღოთ“,-განაცხადა მინისტრმა და თანამშრომელთა ხელფასების შესაძლო მომატებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ზოგიერთ მძიმე სამუშაოზე ხელფასი ძალიან დაბალია. ყველა ღონეს მივმართავ , რომ მაგალითად, ბადრაგების და მსგავსი პროფესიის პირებს ჰქონდეთ კიდევ უფრო ღირსეული პირობები, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. ეს ნამდვილად არის ჩემი გამოწვევა ”,-განაცხადა მან.