თეა წულუკიანი - სალომე ზურაბიშვილი აქტიურად იცავს უცხო ქვეყნის ელჩს, ვისურვებდი, თუნდაც იმის ნახევარი მონდომებით დაიცვას საქართველოს ელჩები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავენ
ჩვენი ქვეყნის ელჩები და საელჩოს თანამშრომლები არიან ის განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც დგანან წინა ხაზზე, იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ღირსებას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, წულუკიანმა შეაფასა საქართველოს პირველი არხის ეთერში სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც პრეზიდენტი ამბობს: „ 37 ელჩიდან 36-ზე ხელი მოვაწერე, ერთი რჩება, დავით ბაქრაძე, 5 წელი იყო ელჩი ამერიკაში და არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, წავიდეს სხვაგან“.
თეა წულუკიანის განცხადებით, დავით ბაქრაძეს სადაც უმუშავია, ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი პროფესიული სინდისით, სერიოზულობით, ცოდნითა და პროფესინალიზმით.
თეა წულუკიანმა დავით ბაქრაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მაღალ შეფასებას აძლევს მის ელჩად საქმიანობას.
„ჩვენი ქვეყნის ელჩები და საელჩოს თანამშრომლები არიან ის განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც დგანან წინა ხაზზე, იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ღირსებას. მათი ძალიან დიდი უმრავლესობა გახლავთ დიდი გამოცდილების, პატრიოტიზმისა და მოტივაციის მქონე ერთი მეორეზე უკეთესი პროფესიონალი. რასაკვირველია, ყოფილან ელჩები, რომლებიც გამოწვეულან, რადგან ერთია, როდესაც საქმიანობ, როგორც დიპლომატი ქვეყნის შიგნით და მეორეა, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე სრულიად სხვა ტიპის საქმიანობა გიწევს და შეიძლება, იქ არ აღმოჩნდე ისეთივე წარმატებული, როგორც ქვეყნის შიგნით. ასეთებიც ყოფილან, მაგრამ დავით ბაქრაძე არის კატეგორია, რომელსაც სადაც კი არ უმუშავია და ის არა ერთი წლის განმავლობაში ჩემი კოლეგა იყო სახელმწიფო მინისტრის რანგში, ყოველთვის ყოფილა გამორჩეული თავისი პროფესიული სინდისით, სერიოზულობით, ცოდნითა და პროფესინალიზმით.
მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მინისტრი აწ უკვე კულტურისა და სპორტის და ვიცე-პრემიერი, მადლობას ვუხდი დავით ბაქრაძეს, მაღალ შეფასებას ვაძლევ მის ელჩად საქმიანობას. აქვე ცოტა უფრო პერსონალურ ნოტაზე დავძენ, რომ როდესაც იუსტიციის სამინისტროს მიჰყავდა არა ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც გზა გაუხსნა ჩვენს ახალგაზრდებს ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების შეთანხმების მიზნით და შემდეგ, წლებთან ერთად ამ რეფორმების მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობდა მავანი, მათ შორის ვაშინგტონში დავით ბაქრაძე იყო სწორედ ის ელჩი, რომელიც ხელს უწყობდა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყნის შიგნით გატარებული რეფორმების უდიდესი მნიშვნელობის შესახებ ზუსტი, ადეკვატური, სამართლიანი ინფორმაცია მიეღოთ უცხოელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომაც მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. რასაკვირველია, სრულიად დაუშვებელია კრიტიკა, რომელიც ჩვენ საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ გუშინ საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლის, ელჩის, ბატონი დავით ბაქრაძისადმი. ეს არის დაუშვებელი, რადგან უსამართლობაა. საქართველოს პრეზიდენტი ერთი და იგივე გამოსვლაში იცავს, აქტიურად იცავს უცხო ქვეყნის ელჩს ჩვენს ქვეყანაში, ვისურვებდი, მან თუნდაც იმის ნახევარი მონდომებით დაიცვას ჩვენი ელჩები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.