თეა წულუკიანი სალომე სამადაშვილს - გალიაში მჯდომი თქვენი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს უსმენენ, მინისტრსა და სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მუზეუმების საკითხზე თეა წულუკიანის საუბარს მოჰყვა.
„ჩვენ ხელოვნების მუზეუმს არ ვანგრევთ. დღეს ვინც ყვირის, ხელოვნების მუზეუმი არ დაანგრიოო, სწორედ ისინი ანგრევდნენ, როდესაც მე და ჩემისთანები მოვიღერებდით რუპორს და კულტურის სამინისტროს წინ ვმართავდით საპროტესტო აქციებს. ყვირიან, თურმე ჩვენ ვიღაცას ვაწამებთ და სიძულვილის ენით ვლაპარაკობთ. ვინც აუპატიურებდა პატიმარს, არის გამაუპატიურებელი, ვინც კლავდა, არის მკვლელი და ა.შ. ერთ-ერთი ახლა გალიიდან გველაპარაკება. ეს სიძულვილის ენაა ალბათ, მაგრამ ვერ ვხედავ ამაში ვერავითარ პრობლემას, ქალბატონო სალომე. რომელ პარტიას წარმოადგენდით და ზევით რატომ აინაცვლეთ, ესეც ძალიან საინტერესო იქნება, მე დავთმობ ამ დროს, ამ ჩემს პასუხში თქვენი მდგომარეობის განსახილველად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანს სხდომათა დარბაზიდან ირაკლი ალასანიას პარტიაში ყოფნის პერიოდი შეახსენა. რაზეც თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანია კაცის მკვლელი არ ყოფილა არასდროს.
„ქალბატონო სალომე, არ ისმის თქვენი ხმა და მე დაგეხმარებით. ქალბატონი სალომე ამბობს თავისი სოპრანოთი, თუ რა ხმაა, არ ვიცი, ვერ გაგზომეთ და გაგზომავთ მომავალში. იქნებ, დაგასაქმოთ კიდეც. ირაკლი ალასანია კაცის მკვლელი არ ყოფილა არასდროს, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.