თეა წულუკიანი სალომე სამადაშვილს - თქვენ იკადრეთ უკადრებელი და გრცხვენოდეთ
თქვენ იკადრეთ უკადრებელი და დამადანაშაულეთ, თურმე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, ამაზე თავის მართლებას არ ვაპირებ, უბრალოდ გეტყვით გრცხვენოდეთ, – ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ქართველმა ჯარისკაცებმა ძალიან კარგად იციან, ვინ მუშაობს მათ ინტერესებში.
„თქვენ იკადრეთ უკადრებელი, რაც საქართველოს არც ერთმა მოქალაქემ, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს, არ უნდ იკადროს. თქვენ დამადანაშაულეთ, თურმე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ამაზე თავის მართლებას არ ვაპირებ, უბრალოდ გეტყვით, გრცხვენოდეთ, გრცხვენოდეთ ყოფილ ელჩს, რომელიც ასეთ უკადრებელს არ უნდა კადრულობდეს. ქართველმა ჯარისკაცებმა ძალიან კარგად იციან, ვინ მუშაობს მათ ინტერესებში. მათ შორის, ისიც ახსოვთ არაერთი მათგანი სამწუხაროდ, რუსეთმა რომ მოგვიკლა, როგორ მიატოვეთ და გამოიქეცით ისე, რომ ფეხებს ირტყამდით კეფაში. ნუ იკადრებთ იმას, რისი კადრებაც არ შეგეფერებათ, რადგან ჯიბეში გიდევთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში ჰააგასთან თანამშრომლობა არის სახელმწიფო ინტერესი.
„მე თქვენი ნებართვით, არ დავყოფ ამ დარბაზს იისფრებად და წითლებად, პატრიოტებად და ლიბერალებად, კონსერვატორებად და სოციალისტებად, ეს არის ქართული საქმე. მე მეკითხებით, მე გპასუხობთ ჩემს პასუხს. მომისმინეთ, მოგწონთ არ მოგწონთ ეს არის ჩემი პოზიცია, მთავრობის პოზიცია, რადგან ამ მთავრობის ერთი რიგითი მინისტრი გახლავართ. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება მიდის, როგორც ქალბატონი ბენსუდა ამბობს, სწრაფი ტემპით. მე ამაზე მეტ ინფორმაციას არ ვფლობ, შემოდის შუამდგომლობები, რომ მისი გამომძიებლები დავაკონტაქტოთ სხვადასხვა მოწმეებს. მოწმეების ვინაობის გამხელის უფლება ამ ტრიბუნაზე არ მაქვს. ჩვენ ვეთანამშრომლებით ბენსუდას უწყებას არა იმისთვის, რომ ქართული ინტერესი დაზიანდეს, არამედ იმისთვის, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა დავამტკიცოთ. ვეთანამშრომლებით, რათა ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მოკვიდნება დავამტკიცოთ. საჭიროა სამართლებრივი დოკუმენტი დავიჭიროთ ხელში, ისეთი როგორიც გვიჭირავს დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის ნაწილში და როგორც ხელში გვქნება ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. ეს იქნება პირველი სასამართლო დოკუმენტი, რომელიც თქვენ თუ დაბრუნდებით ხელისუფლებაში, თქვენ გამოიყენებთ, თქვენ თუ ვერ დაბრუნდებით და ქალბატონი ადა გახდება იუსტიციის მინისტრი, ის გამოიყენებს, თორემ მე აქ 2020 წლის შემდეგ არ ვიქნები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.