თეა წულუკიანი - სალომე სამადაშვილი იყო ბელგიაში ელჩი, ქალმა ის ვერ გაიგო, რომ ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ნატურა“, რომელიც მას, როგორც ელჩს, ებარა, ჩანაცვლებული იყო ყალბი ფერწერული ტილოთი
სალომე სამადაშვილი იყო ბელგიაში ელჩი, ბრიუსელში ევროკავშირის მისიაში. ქალმა ის ვერ გაიგო, რომ ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ნატურა“, რომელიც მას, როგორც ელჩს, ებარა, ჩანაცვლებული იყო ყალბი ფერწერული ტილოთი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამადაშვილის პოლიტიკური საქმიანობის შედეგი ნულის ტოლფასია.
„რომ გავიხსენოთ სულ ახალი ისტორია, თორემ ძველ ისტორიებს რა მოთვლის… ქალბატონი სალომე იყო ბელგიაში ელჩი, ბრიუსელში ევროკავშირის მისიაში, თანაც არაერთი წელი. ქალმა ის ვერ გაიგო, რომ ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ნატურა“, რომელიც მას, როგორც ელჩს, ებარა საელჩოში მუზეუმის ქონება, ჩანაცვლებული იყო ყალბი ფერწერული ტილოთი. 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში როდესაც იგრძნეს სიო, რა სიოც იგრძნეს, ეს ყველას ახსოვს, მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ფერწერული ტილოების მოძიება საელჩოებში, „ქურდს ქუდი ეწვის“ პრინციპით. მაშინ ქალბატონმა სალომემ სამინისტროს გაუგზავნა წერილი, სადაც ამბობს, რომ ამ ნახატს არც ნომერი აქვს და არც ავტორი აწერიაო, მაგრამ არავითარი რეაგირება არ ჰქონია მას ამაზე, როგორც ელჩს. კივილი ადვილია, მაგრამ პასუხისგება ყველას მოუწევს თავის წარსულ საქმიანობაზე – როგორც მე, ისე მას. მაგრამ ვაითუ მის საქმიანობაში აღმოჩნდეს ოდნავ მეტი პრობლემები, რბილად რომ ვთქვა, ვიდრე ჩემსაში.
ეს წერილი, რომელიც გვაქვს ჩვენ, სადაც ამბობს, რომ ჩანაცვლებულიაო, მაგრამ რეაგირებას არ აკეთებს, რომ გამოვაქვეყნოთ, ვნახავთ – მან სახელმწიფო ენა კარგად არ იცის. თითქმის ყველა სიტყვაში აქვს შეცდომა. მე რომ ვყოფილიყავი მაშინ ზონდერი საგარეო საქმეთა მინისტრი, ასეთ არაკომპეტენტურ კადრს გავათავისუფლებდი, რადგან საჯარო მოხელეს სახელმწიფო ენის ცოდნა ევალება. ნულია მისი პოლიტიკური საქმიანობის შედეგი. ასეთია ჩემი აზრი. ვერსად წახვალ, გინდ „ლელოში“ წადი და გინდ რაგბის კავშირში გაერთიანდი – „ნაციონალი“ არის „ნაციონალი“. თქვენ იყავით, ვინც ამბობდა, ეს ქალი არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, ის იურისტი არ არისო, ამიტომ ჩამოყალიბდით, ვინ ვარ მე – ზონდერი, იურისტი, თუ ვინ, მაგრამ თქვენ იყავით არაკომპეტენტური ელჩი და ახლა ხართ არაკომპეტენტური ყოფილი „ნაციონალი“, ამჟამინდელი „ლელო“, რომელიც იგივეა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.