თეა წულუკიანი - სახელმწიფო ინსპექტორი ხელისუფლების არც ერთ სტრუქტურას არ დაექვემდებარება
სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და ხელისუფლების არც ერთ სტრუქტურას არ დაექვემდებარება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, მთლიანად იცვლება ინსპექტორის შერჩევის წესი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დღეს მოქმედი წესი აღარ იმოქმედებს.
„ახალი წესის თანახმად, ჩვენ მივიღებთ სახელმწიფო ინსპექტორს, რომელსაც ექნება გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია. შესარჩევი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება ხელისუფლების სამი შტოს, ასევე, ომბუდსმენის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას ორიდან ხუთამდე კანდიდატს წარუდგენს. შეირჩევა ორი კანდიდატი და საბოლოოდ, პარლამენტი აირჩევს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე პირს, რაც დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შემთხვევაში, ასე არ არის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 იანვრიდან შეიქმნება.