თეა წულუკიანი - საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის ახალი სათაო ოფისი არის დედაქალაქში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჯარო ინფრასტრუქტურა
ვხსნით საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სათაო ოფისს, რომელიც არის დედაქალაქში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჯარო ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის სააგენტოს ახალი სათაო ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვისაც ერთხელ მაინც ორთაჭალაში, ამ ქუჩაზე ჩაუვლია, ახსოვს ის უსახური ბეტონის საბჭოთა ნანგრევები, რომლის გატანასაც არაერთი წელი ვცდილობდით. ეს საბჭოთა ნანგრევები გატანილია და მის ადგილას არის ეს ლამაზი თანამედროვე ინფრასტრუქტურა – საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტო 1 100 თანამშრომლისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ეს არის დედაქალაქში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჯარო ინფრასტრუქტურა. შეიძლება, მავანს გაუჩნდეს კითხვა – კი მაგრამ, ეს საჯარო მოხელეეები ამხელა ინფრასტრუქტურას, ნამდვილად იმსახურებენ თუ არა. მინდა, ბატონ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო, რომ ხაზი გაუსვა საჯარო მოხელეების დამსახურებას. აღარ შევჩერდები იმაზე, რომ ჩვენმა რეესტრმა ოთხ წელიწადში გააკეთა ის, რასაც მიწის მართვის სხვადასხვა დანაყოფები დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის განმავლობაში ცდილობდნენ და ჩვენ ეს გავაკეთეთ ოთხ წელიწადში. პროცესი უნდა გაგრძელდეს, რათა მომდევნო სამ წელიწადში მილიონი ჰექტარი, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია სწორედ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში და არა მხოლოდ, დარეგისტრირდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, 2017 წელს საჯარო რეესტრი გახდა მსოფლიოში პირველი საჯარო დაწესებულება, რომელმაც თავის საქმიანობაში დანერგა „ბლოქჩეინის“ ტექნოლოგია.
„2018 წლიდან ჰარვარდის ბიზნესის სკოლამ საქართველოს ეს წარმატება აქცია პრაქტიკულ მაგალითად და დღესაც მენეჯმენტის კურსზე ჰარვარდის სტუდენტები სწავლობენ იმას, თუ როგორ მოახერხა ეს საჯარო რეესტრმა. შარშან ჩვენ იქ გახლდით და სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები გვისვავდნენ კითხვას – კი, მაგრამ საქართველომ ეს როგორ შეძლო, სტერეოტიპები როგორ დაძლიეთ და ა.შ. დიახ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საჯარო რეესტრმა შევძელით, ასეთი წარმატება გვეჩვენებინა მსოფლიოში და ვქცეულიყავით მისაბაძ მაგალითად. ასევე, ყოველ წელს ტრადიციად დამკვიდრდა, ქვეყნდება მსოფლიო ბანკის მიერ ბიზნესის სიმარტივის რეიტინგები და ვამაყობთ, რომ საქართველო არის პირველ ათეულში ყოველთვის“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ამ წარმატების უკან დევს თითოეული საჯარო მოხელის შრომა.
„ასევე მათი, ვინც ჯერ კიდევ „კოვიდის“ გამო სახლიდან მუშაობს მათი შრომაც, და ჩვენ ორი წელია, ზედიზედ თქვენი წყალობით ბიზნესის დაწყების სიმარტივეში ვართ მსოფლიოში მეორე ქვეყანა, ქონების რეგისტრაციის სიმარტივით მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა. ამიტომაც, ვთვლით, რომ თქვენ იმსახურებთ უკეთეს სამუშაო პირობებს და იმ „რაიკომის“ შენობებში, სადაც დროებით იყავით უნდა ყოფილიყავით მთავრობის ძალისხმევით და იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით გამოყვანილები.
ციფრულ სააგენტოს ჩემი წარდგენა არ სჭირდება, my.gov.ge-ს მეშვეობით ის ყველა ოჯახში შევიდა. ესენი გახდნენ ჩვენი მოკავშირეები პანდემიასთან ბრძოლაში და დავნერგეთ პირველად საჯარო მომსახურბეის გაცემა ჯავშნის პრინციპით. ამიტომ, მათ დიდ მადლობას გადავუხდი. ისინი უფრო ახალგაზრდებისთვის არიან საინტერესო, ჩემი თაობის ადამიანებს ნუ ეწყინებათ, რადგან ციფრული სააგენტო არის ის, ვინც ჰაკატონებს ატარებს ყოველ წელს ყოფილი მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ბაზაზე და მისი თანამშრომლების დახმარებით“, – აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ახალ შენობაში განთავსდება საბავშვო ბაღიც იქ დასაქმებული პერსონალის შვილებისთვის.
„მინდა, მოგილოცოთ ასევე ის, რომ ამ შენობაში არის საბავშვო ბაღი. ეს არის საქართველოში პირველი საჯარო დაწესებულება, სადაც ამ შენობაში მომუშავე ადამიანის შვილებისთვის იქნება საბავშვო ბაღი. იმედია, ეს მოდელი მომავალში გაზიარებული იქნება საჯარო სექტორში. არც ერთ დედას და მამას არ უნდა დაუდგეს არჩევანი – შვილი თუ კარიერა. იანვრიდან ეს საბავშვო ბაღი გახდება ქმედითი და თქვენ შვილებს დატოვებთ ბაღში“, – განაცხადა წულუკიანმა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი სათაო ოფისი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზეიმოდ გახსნეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ლენტის გაჭრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თანმხლებ ოფიციალურ პირებთან ერთად საჯარო რეესტრის ახალი სათაო ოფისი დაათვალიერეს.