საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერ ლევან ივანაშვილთან, მერიის წარმომადგენლებთან და თეატრალური საზოგადოების წევრებთან ერთად, საჩხერის კულტურის ცენტრთან არსებულ პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრს „პაოლო“ ესტუმრა.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანმა თეატრის ხელმძღვანელობასა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრის ფარგლებში ასევე ისაუბრეს თეატრის კანონში ცვლილებებთან მიმართებით სახალხო თეატრების სტატუსის განსაზღვრის თაობაზე. როგორც ცნობილია, კულტურის სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კულტურის კოდექსის პროექტის შემუშავებაზე.
შეხვედრის შემდეგ მინისტრი საჩხერის თეატრის მსახიობების მონაწილეობით გამართულ სპექტაკლს „ფუტურო ადამიანები“ დაესწრო. სპექტაკლი საჩხერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა გიორგი მეტონიძემ დადგა.