თეა წულუკიანი - სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად გააუქმა ვიზა, ეს გაკეთდა მაშინ, როცა 2008 წლის ომი ახალი გამოვლილი გვქონდა და იარებს დღემდე ვერ ვიშუშებთ
ეს არის რუსეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილება და მათ უნდა ვკითხოთ, რატომ და რა მიზნით იქნა მიღებული, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს წინა ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი მაშინ, როცა 2008 წლის ომი ახალი გამოვლილი იყო.
„ჩვენ მოწმენი გავხდით გადაწყვეტილების, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება. რუსეთის ფედერაციამ თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, მოვიდნენ ჩემს ტერიტორიაზე ისე, რომ აღარ დასჭირდებათ ვიზა. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება რატომ იქნა მიღებული, რა მიზნით, რატომ ახლა და არა, ვთქვათ, ადრე ან ცოტა გვიან, რასაკვირველია, უნდა ვკითხოთ მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
ასევე, თუ გვინდა, შეფასებებში ობიექტურნი ვიყოთ, უნდა გავიხსენოთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს სწორედ მან და მისმა ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად გააუქმეს საქართველოში შემოსვლისთვის საჭირო ვიზა. უკვე მრავალი წელია, ვხედავთ, რომ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილების შედეგად რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლოთ და შეუძლიათ შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს გაკეთდა მაშინ, როდესაც 2008 წლის ომი ახალი გამოვლილი გვქონდა და იარებს დღემდე ვერ ვიშუშებთ, არამც თუ მაშინ. რატომ მიიღო სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მაშინ, როდესაც იმ დროს რუსეთი, პირიქით, ჩვენს მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე რთულად, ათასნაირი გართულებული პროცედურის შედეგად უშვებდა, ეს უნდა ვკითხოთ სააკაშვილს, რომელიც დღეს არ ვიცი, როგორ არის. მგონი, გუშინ და გუშინწინ კიდევ წუწუნებდა, რომ არ უვლიან.
რუსეთის ფედერაციის ამ გადაწყვეტილების შედეგად როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მოქალაქეებს ერთმანეთთან მიმოსვლა შეუძლიათ უვიზოდ. თვალი გავახილოთ და გავუსწოროთ რეალობას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გვყავს 800 ათასზე მეტი ჩვენი ქვეყნის შვილი, რომლებთანაც მათი ოჯახის წევრები ჭირის დროსაც კი ვერ მიდიოდნენ. არაერთი საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ისე გარდაეცვალათ ოჯახის წევრი, გართულებული პროცედურების გამო საფლავზე ვერ ახერხებდნენ ჩასვლას. დღეს რომ ეს ბარიერი მოხსნილია ამ მოქალაქეებისთვის, ეს მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოა. ნამდვილად არის ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიკეთო მდგომარეობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, სანქციებს გადაუხვიოს.
„ჩვენი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის მხრიდან უკვე მკაფიოდ ითქვა, რომ მიუხედავად რუსეთის ამ გადაწყვეტილებისა, რომელიც ჩვენი ასიათასობით მოქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებაა, არ ვაპირებთ, სანქციებს გადავუხვიოთ. მთავარი ხაზი არის ის, რომ ჩვენი მხრიდან უნდა გაგრძელდეს სანქციების შესრულება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.